„ბიბისი“ - დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატები ცდილობენ, ხელი შეუშალონ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში
„ბიბისი“ - დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატები ცდილობენ, ხელი შეუშალონ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დემოკრატიული პარტია“ ცდილობს, ხელი შეუშალოს მას 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში, – „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია ტრამპის 12-გვერდიან წერილში, რომლითაც ის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე კონგრესში გამართულ ორ საჯარო მოსმენას გამოეხმაურა.

როგორც ტრამპი წერს, ამ მოსმენებით დემოკრატები ცდილობენ, ამერიკელების ყურადღება მათი პარტიის „კატასტროფული მმართველობიდან“ სხვა საკითხებზე გადაატანინონ.

„ჩვიდმეტი თვე გავიდა 6 იანვრის მოვლენების შემდეგ და დემოკრატები გამოსავალს ვერ გვთავაზობენ. არ შეგეშალოთ, ისინი აკონტროლებენ მთავრობას. ისინი არიან პასუხისმგებლები ამ კატასტროფაზე“, – წერს ტრამპი.

ამასთან, მედიის ცნობით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი განცხადებაში კვლავაც საუბრობს 2020 წლის არჩევნებზე და ამტკიცებს, რომ შედეგები გაყალბდა. როგორც მედია წერს, ტრამპი ჯო ბაიდენს „სარდაფის ჯოდ“ მოიხსენიებს.

მედია იუწყება, რომ კონგრესში 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე საჯარო მოსმენები ორშაბათს დაიწყო. გაიმართა ორი სხდომა, რა დროსაც ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლებისა და პრეზიდენტის ოჯახის წევრების ჩვენებების ჩანაწერები აჩვენეს. ასევე დაკითხეს რამდენიმე მოწმე. „მედიის“ ცნოობით, კომიტეტი მოსმენებს ამ კვირაში გააგრძელებს.