„ბიბისი“ - დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილი სპეცრაზმელები კოლეგების მიერ ერაყსა და ავღანეთში ჩადენილ ომის დანაშაულებზე საუბრობენ
„ბიბისი“ - დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილი სპეცრაზმელები კოლეგების მიერ ერაყსა და ავღანეთში ჩადენილ ომის დანაშაულებზე საუბრობენ

დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილი სპეცრაზმელები კოლეგების მიერ ერაყსა და ავღანეთში ჩადენილ ომის დანაშაულებზე საუბრობენ. „ბიბისი პანორამისთვის“ მიცემულ მასალებში ყოფილი სამხედროები აცხადებენ, რომ ხდებოდა უიარაღო ადამიანების ძილის დროს მკვლელობა და ხელბორკილებიანი დაკავებულების მკვლელობა, მათ შორის ბავშვების სიკვდილით დასჯა. ვეტერანები აცხადებენ, რომ დაკავებულთა მკვლელობა „რუტინად იქცა“.

ახალი ჩვენება მოიცავს ომის დანაშაულების ბრალდებებს, რომლებიც ათწლეულზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ერთ-ერთმა ვეტერანმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ჯარისკაცს „ბრბოს მენტალიტეტი“ ჰქონდა და ოპერაციებში მათ ქცევას „ბარბაროსული“ უწოდა.

„მე ვხედავდი, როგორ შეიცვალნენ ყველაზე ჩუმი ბიჭები, ავლენდნენ სერიოზულ ფსიქოპათიურ თვისებებს. ისინი უკანონობის მსხვერპლი იყვნენ. თავს ხელშეუხებლად გრძნობდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ვეტერანმა.

„ბიბისი პანორამამ“ ასევე პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშინდელ პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს თავისი მოღვაწეობის დროს არაერთხელ აფრთხილებდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების ძალები ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ. ვეტერანები აცხადებენ, რომ ომის კანონებს რეგულარულად და განზრახ არღვევდნენ ქვეყნის ყველაზე ელიტური ლეგიონები ერაყსა და ავღანეთში ოპერაციების დროს.

„ზოგიერთი ოპერაციის დროს ჯარი შედიოდა სასტუმროების ტიპის შენობებში და კლავდა იქ ყველას. ისინი შევიდოდნენ და ყველას ხვრეტდნენ, ვისაც იქ ეძინა. შესვლისთანავე. დაძინებული ადამიანების მოკვლა გამართლებული არ არის“, – განაცხადა ერთ-ერთმა ვეტერანმა.