კორონავირუსთან ერთად, მსოფლიოში ვრცელდება არა მხოლოდ პანიკა, არამედ სხვადასხვა რჩევა, რომლებიც, თითქოს კორონავირუსისგან იცავს ადამიანს. ამ რჩევებს ხშირად არაკვალიფიციური სპეციალისტები იძლევიან და მათი უმეტესობა უსარგებლო. ამ თემას სტატიას უძღვნის „ბიბისი“ და ცრუ რჩევების ექვსეულს გვთავაზობს.
1. ნიორი
სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ნიორის საკვებად გამოყენება „კოვიდ-19“-ისგან დაცვის უებარი საშუალებაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი ხნის წინ აღიარა ნივრის სასარგებლო და ანტიმიკრობული თვისებები. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ნიორი კორონავირუსისგან იცავს.
თავად ნიორი საშიში არ არის, ვიდრე ადამიანები ექიმების რეკომენდაციებს მისდევენ, მაგრამ თუ ადამიანები უარს იტყვიან კვალიფიციური სპეციალისტების რჩევების დაცვაზე და ამის ნაცვლად „სახალხო მეთოდებით“ მკურნალობაზე გადავლენ, მაშინ მათ ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება.
ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ ამით ვირუსისგან თავს ვერ დაიცავ.
ნივრის დიდი რაოდენობით გამოყენებამ შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს. „საუზ ჩაინა მორნინგ პოსტის“ ცნობით, ქალი, რომელმაც ნახევარი კილოგრამი ნიორი მიირთვა, ყელის ანთებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2. „ჯადოსნური დანამატები“
პოპულარული ვიდეობლოგერი ჯორდან საზერი ამტკიცებს, რომ „მინერალური სასწაულმოქმედი დანამატები“ (MMS-ი) ადამიანებს კორონავირუსისგან დაიცავს.
ეს დანამატები შეიცავს ქლორის დიოქსიდს, რომლის სასარგებლო თვისებები არ არის დამტკიცებული. შარშან აშშ-ის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების კონტროლის სამმართველოში განაცხადეს, რომ ამ ნივთიერების გამოყენებას ღებინების, დიარეისა და გაუწყლოვანების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. აშშ-ის მაკონტროლებელი ორგანოს ამ გაფრთხილებს სხვა ქვეყნების უწყებებიც შეუერთდნენ.
3. სახლში დამზადებული სადეზინფექციო ხსნარი
მთელ მსოფლიოში დიდი რაოდენობით სადეზინფექციო საშუალება იყიდება. ბევრ მაღაზიაში მარაგი ამოიწურა კიდეც. ახლა ინტერნეტში პოპულარულია ვიდეოინსტრუქცია, რომელშიც მოქალაქეებს სადეზინფექციო ხსნარის სახლის პირობებში დამზადებას ასწავლიან. თუმცა, ამ ხსნარების დიდი ნაწილი ადამიანის კანისთვის სახიფათოა.
ხელის დასაბანი საშუალებები, რომლებიც მაღაზიაში იყიდება, სპირტის გარდა, შეიცავს დამარბილებელ ნივთიერებებს, რომლებიც სახლში თითქმის არავის აქვს.
ამ ვიდეორეცეპტებში მოქალაქეებს ურჩევენ, ძლიერი ალკოჰოლური საშუალებების გამოყენებას, თუმცა ამ სასმელების უმეტესობაში ალკოჰოლის შემცველობა 60 პროცენტს არ აჭარბებს. ანტისეპტიკის დამზადებისთვის კი საჭიროა მინიმუმ 60-პროცენტიანი სპირტი.
4. კოლოიდური ვერცხლი
ამერიკელი ტელეწამყვანის, ჯიმი ბეიკერის შოუს ერთ-ერთმა სტუმარმა მოქალაქეებს კორონავირუსისგან დასაცავად კოლოიდური ვერცხლის გამოყენება ურჩია. ეს ხსნარი ვერცხლის წვრილ ნაწილაკებს შეიცავს, რომლებიც, მისივე მტკიცებით, ზოგიერთი ტიპის კორონავირუსებს 12 საათში კლავს.
კოლოიდური ვერცხლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც ტრადიციულ მედიცინას არ ენდობა.
როგორც ბევრი ამტკიცებს, კოლოიდურ ხსნარს ბევრი დაავადების განკურნება შეუძლია და მისი გამოყენება ანტისეპტიკადაც არის შესაძლებელი. თუმცა, აშშ-ის მთავრობა აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ამ ხსნარის სასარგებლო თვისებები დამტკიცებული არ არის. ამას გარდა, მისმა გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს თირკმელების დისფუნქცია, კრუნჩხვა და კანის ფერის ცვლილებაც კი.
ექიმების თქმით, რკინისა და თუთიისგან განსხვავებით, ვერცხლი ადამიანის ორგანიზმში არავითარ ფუნქციას არ ასრულებს.
„ფეისბუქმა“ უკვე დაამატა ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ კოლოიდური ვერცხლის სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაცია მცდარია.
5. წყლის დალევა
ასევე „ფეისბუქით“ ვრცელდება ცნობა, რომ იაპონელი ექიმი პაციენტებს ვირუსთან საბრძოლველად ყოველ 15 წუთში ერთხელ წყლის დალევას ურჩევს. მისივე თქმით, ამ მეთოდით ადამიანის პირის ღრუ ვირუსისგან დაცული იქნება.
ექიმები ამ რჩევის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები. კორონავირუსი ორგანიზმში სასუნთქი გზებით ხვდება. მაგრამ, თუ ვირუსი მაინც მოხვდება პირის ღრუში, წყლის სმა ამას ვერ უშველის.
ზოგადად კი წყალი სასარგებლოა.
6. ცხელი წყლის დალევა, ცხელი აბაზანის მიღება და ნაყინზე უარის თქმა
სოციალურ ქსელებში იუნისეფ-ის (UNICEF) სახელით გავრცელდა რჩევა, რომ კორონავირუსისგან ადამიანებს ცხელი წყალი დაიცავს. ამ რჩევის მიხედვით, მოქალაქეებმა რაც შეიძლება მეტი ცხელი წყალი უნდა მიიღონ და მეტად გაჩერდნენ მზეზე.
იუნისეფ-ში ასევე აცხადებენ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ორგანიზაცია ურჩევს მოქალაქეებს, კორონავირუსისგან დასაცავად უარი თქვან ნაყინსა და სხვა ცივ საკვებზე.
იუნისეფ-ში აცხადებენ, რომ ყველა ეს რჩევა ტყუილია.
„ჩვენ ვიცით, რომ გრიპის ვირუსი ზოგადად ადამიანის სხეულის გარეთ, ცხელ ამინდში ვერ ცოცხლობს. მაგრამ, ჩვენ არ ვიცით, რა გავლენას ახდენს მაღალი ტემპერატურა ახალ კორონავირუსზე“, – აცხადებენ იუნისეფ-ში.
ლონდონის ჰიგიენის სკოლის პროფესორი სალი ბლუმფულდი ასევე უარყოფს ცხელი შხაპის ან მზის აბაზანების ეფექტიანობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. ადამიანის სხეულის გარედან გაცხელებით მისი შიდა ტემპერატურა არ მატულობს.
თუ ვირუსი ორგანიზმში მოხვდა, მასთან გამკლავება მხოლოდ ორგანიზმს შეუძლია.