„ბიბისი“ - ბელარუსში საპროტესტო გამოსვლებისას მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
„ბიბისი“ - ბელარუსში საპროტესტო გამოსვლებისას მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამის მონაცემებს „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლგა ჩემოდანოვამ განაცხადა, „არასანქცირებულ საპროტესტო აქციებზე მედიის წარმომადგენელთა მუშაობის საკითხი“ შინაგან საქმეთა მინისტრმა იური კარაევმა პირად კონტროლზე აიყვანა.

უწყების ცნობით, როგორც სამუშაო თათბირზე მინისტრმა განაცხადა, მისი „პრინციპული პოზიციაა, რომ ჟურნალისტებს ხელი არ ახლონ“, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი კანონდამრღვევებსა და სამართალდამცავთა ძალებს შორის დგებიან.

ამასთან, ბელარუსული მედია წერს, რომ მინისტრის განცხადების გავრცელების შემდეგ მინსკში რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები უკვე ოთხი დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.