„ბიბისი“ - ავსტრალიამ ისრაელის დედაქალაქად დასავლეთ იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა
„ბიბისი“ - ავსტრალიამ ისრაელის დედაქალაქად დასავლეთ იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა

ავსტრალიამ ისრაელის დედაქალაქად დასავლეთ იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პენი ვონგის განცხადებით, 2018 წელს ავსტრალიის დედაქალაქ კანბერას მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძირი გამოუთხარა მშვიდობას და ავსტრალია სხვა ერებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ავსტრალია ისრაელის მტკიცე მეგობრად რჩება. მედიის ცნობით, ავსტრალიის საელჩო თელ-ავივში დარჩება.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, ავსტრალიის გადაწყვეტილების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა და ავსტრალიის ელჩი დაიბარა.

იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინელებს შორის ერთ-ერთი მთავრი სადავო საკითხია. 2017 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. 2018 წლის მაისში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ ავსტრალიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმაც დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, თუმცა საელჩო თელ-ავივში დატოვა მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევამდე.

მორისონის მთავრობა არჩევნების შედეგად მიმდინარე წლის მაისში შეიცვალა. მედიის ცნობით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა წინა მთავრობის გადაწყვეტილებას „ცინიკური თამაში“ უწოდა, რომლის მიზანი, მისი თქმით, ებრაელი ამომრჩეველთა ხმების მოპოვება იყო. როგორც „ბიბისი“ იუწყება, პენი ვონგმა დაადასტურა ქვეყნის ძველი პოზიცია, რომ იერუსალიმის სტატუსი უნდა გადაწყდეს ისრაელსა და პალესტინელ ხალხს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფარგლებში.

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ მიდგომას, რომელიც ამ პერსპექტივას ძირს უთხრის“, – განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.