„ბიბისი“ – აშშ-მა დიდ ბრიტანეთში RAF Fairford-ის სამხედრო ბაზიდან ყველა ბომბდამშენი გაიყვანა
აშშ-მა დიდ ბრიტანეთში RAF Fairford-ის სამხედრო ბაზიდან ყველა ბომბდამშენი გაიყვანა. როგორც „ბიბისი“ წერს, პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ქვეყანამ ყველა ბომბდამშენი ბაზიდან გამოიყვანა და ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკუთარ მუდმივ სამხედრო ბაზებზე დააბრუნა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაზაზე ტერორისტული აქტების მომზადების ეჭვის საფუძველზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა ვაშინგტონს ბომბდამშენების გაყვანის მიზეზი ოფიციალურად არ დაუსახელებია. გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის სამხედროებმა ბრიტანელ კოლეგებს აცნობეს.
RAF-ის ბაზას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ათწლეულების განმავლობაში მოწინავე ოპერატიულ პუნქტად იყენებდნენ. ბოლო თვეებში ამერიკული ბომბდამშენები აღნიშნული ბაზიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით აფრინდნენ მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დააკმაყოფილა აშშ-ის თხოვნა ბაზის გამოყენების შესახებ, იმ მიზნით, რასაც ბრიტანულმა მხარემ ირანის წინააღმდეგ მიმართული თავდაცვითი დარტყმები უწოდა.