„ბიბისი“ - ამერიკული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალები კიევის შტურმისთვის არ ემზადებიან
„ბიბისი“ - ამერიკული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალები კიევის შტურმისთვის არ ემზადებიან

რუსული ძალები კიევის შტურმისთვის არ ემზადებიან, – ამის შესახებ „ბიბისის“ ცნობით, ვარშავაში მყოფმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რეპორტიორთა ჯგუფს, მათ შორის „ბიბისის“ ჟურნალისტს ანონიმურად განუცხადა.

ამას გარდა, ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინაში ინტერვენციის დაწყების დღიდან რუსეთმა 1 250 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ამერიკული მხარის ცნობით, უკრაინაში რუსული ავიაცია გააქტიურდა – რუსული თვითმფრინავები დღის განმავლობაში 300-მდე ფრენას ახორციელებენ. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ვარშავაში მყოფ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ კიევთან მახლობლად მდებარე სოფელ მაკარევისთვის ბრძოლა გრძელდება. რაც შეეხება ხარკოვს, ამ მიმართულებით რუსეთის არმიამ წინსვლა ვერ შეძლო.

ამერიკული მხარის ცნობითვე, რუსული ძალები ასევე იმყოფებიან ქალაქ ნიკოლაევიდან 15 კილომეტრში და ცდილობენ, ქალაქი უკრაინული ძალების მხარდაჭერისგან მოწყვიტონ. მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ იზიუმის დაცვის გარღვევა შეძლეს.