ბეთჰოვენის თმის დნმ ანალიზმა კომპოზიტორის ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებს ნათელი მოჰფინა — #1tvმეცნიერება
ბეთჰოვენის თმის დნმ ანალიზმა კომპოზიტორის ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებს ნათელი მოჰფინა — #1tvმეცნიერება

1827 წლის ერთ ქარიან დღეს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა გერმანელი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. წინა შობის შემდეგ საწოლს მიჯაჭვულ კომპოზიტორს სიყვითლე განუვითარდა, კიდურები და მუცელი შეუშუპდა, უჭირდა ყოველი ამოსუნთქვა.

როდესაც მეგობრები მისი პირადი ნივთების დასალაგებლად მივიდნენ, დაახლოებით 25 წლით ადრე ბეთჰოვენის მიერ ხელით დაწერილ დოკუმენტს წააწყდნენ — ანდერძში ის თავის ძმებს სთხოვდა, რომ საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობის დეტალები გაემხილათ.

დღეს აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი 40 წელს გადაცილების შემდეგ დაყრუვდა. ნამდვილად ტრაგიკული ირონია იყო, რომელიც ბეთჰოვენს სურდა, მთელ მსოფლიოს გაეგო, არა მხოლოდ პირადი, არამედ სამედიცინო გადმოსახედიდან.

ახლა, ბეთჰოვენის სიკვდილიდან თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა მისი ანდერძი ისე შეასრულა, როგორც ის ვერასოდეს იოცნებებდა — გენეტიკური ანალიზები ჩაუტარა მისი თმის ნიმუშის დნმ-ს.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ნათლო მოგვეფინა ბეთჰოვენის ჯანმრთელობის პრობლემებისთვის, რაც ასევე მოიცავდა სმენის პროგრესირებად დაქვეითებას, რომელიც დაახლოებით 30 წლის ასაკში დაიწყო და 1818 წლისთვის მთლიანად დაყრუვდა“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ბიოქიმიკოსი იოჰანეს კრაუზე.

სმენის დაკარგვის მთავარი მიზეზი არც არასოდეს გარკვეულა, ვერაფერი გაიგო მისმა პირადმა ექიმმა, დოქტორმა იოჰან ადამ შმიდტმაც. ის, რაც 30 წელს მიღწეულ ბეთჰოვენს ტინიტუსის სახით დაეწყო, თანდათან ხმაურის აუტანლობაში გადაეზარდა, საბოლოოდ კი სმენა სრულიად დააკარგვინა და დაასრულა, მისი, როგორც შემსრულებლის კარიერა.

მუსიკოსისთვის არაფერი შეიძლება იყოს ამაზე მეტად ირონიული. ძმებისადმი მიწერილ წერილში ბეთჰოვენი აღიარებს, რომ „უიმედოდ იყო დაავადებული“ და თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.

თუმცა, კომპოზიტორს მხოლოდ სმენის დაქვეითება როდი აწუხებდა. ამბობდა, რომ 22 წლის ასაკიდან აწუხებდა მუცლის მწვავე ტკივილი და დიარეის ქრონიკული შეტევები.

სიკვდილამდე ექვსი წლით ადრე თავი იჩინა ღვიძლის დაავადების პირველმა ნიშნებმა. მიჩნეულია, რომ სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, სწორედ ეს დაავადება გახდა მისი სიკვდილის მიზეზი სულ რაღაც 56 წლის ასაკში.

2007 წელს, მის თმაზე ჩატარებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ მიუთითა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი შეიძლება მოწამვლა ყოფილიყო; უფრო მეტიც, სწორედ ეს შეიძლება გამხდარიყო ყველა იმ სიმპტომის მიზეზი, რასაც ის მთელი ცხოვრება უჩიოდა.

ასეთი დასკვნა არც ისე გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელი სამედიცინო მკურნალობის პრაქტიკას, რომელიც მოიცავდა ტყვიის ჭურჭლიდან სმას და ტყვიის გამოყენებას.

ახალმა კვლევამ ამ ყველაფერს ფარდა ახადა. პირველ რიგში დაადგინა, რომ სინამდვილეში, მაშინ შესწავლილი თმა არა ბეთჰოვენს, არამედ უცნობ ქალს ეკუთვნოდა.

დადასტურდა, რომ ბეთჰოვენს ეკუთვნოდა თმის რამდენიმე ღერი, რომელთა ანალიზებმაც მიუთითა, რომ დიდი ალბათობით, მისი სიკვდილის მიზეზი B ჰეპატიტის ინფექცია გახდა, რასაც ამძაფრებდა მისი სმა და ღვიძლის დაავადების მრავალი რისკ-ფაქტორი.

რაც შეეხება სხვა დაავადებებს?

„ვერ შევძელით ბეთჰოვენის დაყრუების ან კუჭ-ნაწლავის პრობლემების ზუსტი მიზეზის დადგენა“, — ამბობს კრაუზე.

გარკვეულწილად, უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა ცნობილი კლასიკური კომპოზიტორის სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ. სად გადაედო ჰეპატიტი? რატომ მიიჩნეოდა ქალის თმა ამდენი საუკუნის განმავლობაში ბეთჰოვენისად? რა იყო მუცლის ტკივილისა და სმენის დაკარგვის მიზეზი?

გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფის შთაგონების წყარო ბეთჰოვენის სურვილი იყო, რომ მთელ მსოფლიოს გაეგო მისი დაყრუების შესახებ, შედეგები ცოტა გამაწბილებელია. თუმცა, მის გენებში კიდევ ერთი სიურპრიზი იმალებოდა.

მას შემდეგ, რაც მისი თმის ნიმუშებიდან აღებული Y ქრომოსომა მამის ხაზით თანამედროვე ნათესავებისას შეადარეს, გამოიკვეთა შეუსაბამობა. როგორც ჩანს, კომპოზიტორის დაბადებამდე, მის ნათესავებში ქორწინების გარეშე ურთიერთობებს ჰქონდა ადგილი.

„შედეგები მიუთითებს ქორწინების გარეშე მამობის შემთხვევას მის მამის ხაზში, 1572 წელს ბელგიაში ჰენდრიკ ვან ბეთჰოვენის ჩასახვასა და შვიდი თაობის შემდეგ, 1770 წელს გერმანიაში, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჩასახვას შორის“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოლოგიური ანთროპოლოგი ტრისტან ბეგი.

ეს ყველაფერი ალბათ გაცილებით მეტია, ვიდრე ახალგაზრდა ბეთჰოვენის უკანასკნელი სურვილი იყო. ის ალბათ ვერასოდეს იოცნებებდა ისეთ საიდუმლოთა ამოხსნაზე, რომლებსაც ის თმები მალავდა, მისი მეგობრები მისსავე უსიცოცხლო სხეულს რომ აჭრიდნენ 1827 წლის ქარიშხლიან ღამეს.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.