ბესო წერედიანი - ყველაზე საოცარი ის არის, რომ რასაც ახლა მეუბნებით, რომ სუს-ის ბრიფინგზე ითქვა, ყოველდღე ვწერ ფეისბუქგვერდზე
ბესო წერედიანი - ყველაზე საოცარი ის არის, რომ რასაც ახლა მეუბნებით, რომ სუს-ის ბრიფინგზე ითქვა, ყოველდღე ვწერ ფეისბუქგვერდზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო წერედიანი აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს დაბარებული იყო გამოკითხვაზე, თუმცა არ მივიდა.

როგორც ბესო წერედიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, სუს-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერები არ უნახავს, თუმცა არჩევნების შესაძლო გაყალბებისა და ქუჩის აქციების შესახებ ხშირად საუბრობს.

„ამ ჩანაწერებისთვის არ მისმენია, ამიტომ ვერ დავადასტურებ ავთენტურობას, მაგრამ ის, რაც თქვენ მითხარით, ის, რომ „ოცნება“ გეგმავს არჩევნების გაყალბებას და გააყალბებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ყველაზე საოცარი ის არის, რომ რასაც ახლა მეუბნებით, რომ ბრიფინგზე განაცხადეს, მე ამას ყოველდღე ვწერ ფეისბუქგვერდზე. ის, რომ მათ სადღაც ჩანაწერები გააკეთეს, ეს იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში გვისმენენ. ისეთი საზიზღარი მეთოდებით გააყალბებენ არჩევნებს, რომ იმ 70 ათას კაცს, რომელიც იდგა თავისუფლების მოედანზე, მოუწევს არჩევანის დასაცავად გამოსვლა. ამაზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი. დღეს ვიღაც გამომძიებელმა დამირეკა სუს-იდან და მითხრა, რომ დაბარებული ვიყავი. მე ვარ კომისიის წევრი საბურთალოზე, ხვალ გადამწყვეტი არჩევნებია ამ ქვეყნისათვის და ვუთხარი, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შეიძლება მივცე ჩვენება. 24 საათი რომ დედის გინება მაქვს მაგათი ის რატომ არ გაუშვეს. თავს იგდებენ, მეტი არაფერი არ არის, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისი, რომ 24 საათის განმავლობაში დაგვდევენ კუდში და გვწერენ“, – განაცხადა წერედიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას.

ამასთან, ბრიფინგზე გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომლშიც ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო წერედიანი.