ბესო წერედიანი - ჩემი მთავარსარდლის ბრძანება გაცემულია, ბრძოლა დაწყებულია და ბოლომდე მივა
ბესო წერედიანი - ჩემი მთავარსარდლის ბრძანება გაცემულია, ბრძოლა დაწყებულია და ბოლომდე მივა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო წერედიანი აცხადებს, რომ მთავარსარდლის ბრძანება გაცემულია, ბრძოლა დაწყებულია და ბოლომდე მივა.

ბესო წერედიანმა იმ გამოძიებაზე ისაუბრა, რომელის ფარგლებშიც გუშინ გამოიკითხა.

„რაც შეეხება ჩემს ბრალდებას, სიტყვა-სიტყვით ხელს ვაწერ ყველა სიტყვას, რაც იქ მაქვს ნათქვამი. ჩემი მთავარსარდალი დღეს აქ არის. იქ მე ვამბობ, რომ მთავარსარდლის გარეშე ბრძოლას ვერ დავიწყებ. მთავარსარდლის ბრძანება გაცემულია, ბრძოლა დაწყებულია და ეს ბრძოლა ბოლომდე მივა“, – განაცხადა ბესო წერედიანმა.

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო წერედიანი გუშინ გამოიკითხა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. როგორც სუს-ში 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა. ამასთან, ბრიფინგზე გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომელშიც ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესო წერედიანი.