ბესო წერედიანი - ჩანაწერებსა და ფრაზებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, ხმის ავთენტურობას არ ვადასტურებ, ერთადერთი პერსპექტივა, რაც ამ საქმეს აქვს, ჩემი ორთვიანი დაკავებაა
ბესო წერედიანი - ჩანაწერებსა და ფრაზებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, ხმის ავთენტურობას არ ვადასტურებ, ერთადერთი პერსპექტივა, რაც ამ საქმეს აქვს, ჩემი ორთვიანი დაკავებაა

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო წერედიანის, ასევე ორი აქტივისტის გამოკითხვა დასრულდა. ბესო წერედიანი და აქტივისტები, დავით მახარაძე და გიორგი შერვაშიძე მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ აქტივისტმა გიორგი შერვაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვების შინაარსთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

რაც შეეხება ბესო წერედიანს, სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მან მედიას განუცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.

„კითხვები ჰქონდათ ჩანაწერებზე და ფრაზებზე. პასუხები მიიღეს ამომწურავი. ჩემი ხშირი ლოკაციის ადგილი არის პარტიის ოფისი და პრეზიდენტის ბიბლიოთეკა, იქ, სადაც მიმდინარეობს საუბარი ამ ქვეყნის მომავალზე. არანაირი გეგმა ბუნებაში არ არსებობს, ეს იყო მოსაზრებები, რომელიც გაჟღერდა. არავითარი უკანონო არ იყო. სუს-მა მითხრას, როგორ უნდა გავიგო, როდის გაიყვანენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ციხეში? მე როგორ უნდა გავიგო, თუ ისინი ამას არ გამოაცხადებენ ტელევიზიით? იმდენად დარწმუნებული არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და საერთაშორისო მეგობრობა, რომ სააკშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ შეიძლება, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებიდან გამომდინარე მე რომ ვთქვა, არ შეიძლება მისი იქ გადაყვანა, ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, ეს ჩემი უფლებაა, პიკეტიეება, დემონსტრაციებიც, მანიფესტაციებიც და ა.შ.

ხმის ავთენტურობას არ ვადასტურებ. საუბარი ამოღებულია რამდენიმე ჩანაწერიდან, შეერთებულია. შესაბამისად, ხმის და გადაბმის ავთენტურობა უნდა დაადასტუროს სანდო ექსპერტიზამ. საუბრის კონტექსტი რაც არის, ეს ადასტურებს ჩემს განწყობას, მაგრამ კონკრეტულად ეს საუბარი როდის იქნა ჩაწერილი, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს. გამომძიებელი მეცოდებოდა, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში იყო, როდესაც კითხვებს სვამდა. ერთადერთი პერსპექტივა, რაც ამ საქმეს აქვს, არის ჩემი ორთვიანი დაკავება. ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ჩემი დაკავებით მიიღებს, იქნება კიდევ ერთი მოშიმშილე პატიმარი, პოლიტიკური შავი ხვრელი და ის სიტუაცია, რაც ახლა ხდება რუსთავის ციხეში. თუ პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ციხის საავადმყოფოში, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები კონსტიტუციის გათვალისწინებული მეთოდით შევეცდებით, ამას ხელი შევუშალოთ“, – განაცხადა ბესო წერედიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. როგორც სუს-ში 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა. ამასთან, ბრიფინგზე გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომელშიც ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესო წერედიანი.