ბესიკ ლილუაშვილი - შევუერთდები ვასილ მაღლაფერიძისადმი მადლობას, მაუწყებელი დღეს გვევლინება ინოვატორულ მედიად, რომელიც ცდილობს, ახალი ხედვა შექმნას სატელევიზიო ბაზარზე
ბესიკ ლილუაშვილი - შევუერთდები ვასილ მაღლაფერიძისადმი მადლობას, მაუწყებელი დღეს გვევლინება ინოვატორულ მედიად, რომელიც ცდილობს, ახალი ხედვა შექმნას სატელევიზიო ბაზარზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს გვევლინება ინოვატორულ მედიასაშუალებად, რომელიც ცდილობს, ახალი ხედვა, ახალი პროდუქცია და ტრენდი შექმნას სატელევიზიო ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბესიკ ლილუაშვილმა განაცხადა.

დღეს სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი განიხილეს.

როგორც ბესიკ ლილუაშვილმა აღნიშნა, მისთვის ეს განცხადება მოულოდნელი იყო და მან გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ვასილ მაღლაფერიძეს.

„მეც შევუერთდები მადლობას, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელი დაბრუნდა ჩარტებში, დაბრუნდა არა უბრალოდ იმიტომ, რომ დიდი ფული აქვს და ამისთვის ფულს ხარჯავს, დაბრუნდება მაღალხარისხიანი პროდუქციით. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს გვევლინება ინოვატორულ მედიასაშუალებად, რომელიც ცდილობს, ახალი ხედვა, ახალი პროდუქცია და ტრენდი შექმნას სატელევიზიო ბაზარზე. ეს ხარისხი, სანდოობა ამის მაგალითია, მადლობა ამისთვის და იმედი გვაქვს, რომ ასეც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.

ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს დატოვა.