დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის დამატებით 700 სახლს შეიძენენ
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის დამატებით 700 სახლს შეიძენენ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 734 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სახლები შეიძინა. ოჯახებმა სახლები თავად შეარჩიეს.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, დევნილი ოჯახებისთვის სახლების შეძენა „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავასა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ლევან კუპრეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

„მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2020 წლის ბოლომდე, სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის დამატებით 700 სახლს შეისყიდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.