ბესარიონ ირემაშვილი - საზოგადოების ორ ბანაკად, ექიმებად და პაციენტებად წარმოჩენა არასაფუძვლიანია
ბესარიონ ირემაშვილი - საზოგადოების ორ ბანაკად, ექიმებად და პაციენტებად წარმოჩენა არასაფუძვლიანია

საზოგადოების ორ ბანაკად, ექიმებად და პაციენტებად წარმოჩენა არასაფუძვლიანია, – ამის შესახებ „ექიმთა ასოციაციის“ გამგეობის წევრმა, პროფესორმა ბესარიონ ირემაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„უფრო მართებულია, ვიმსჯელოთ იმაზე, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ექიმი ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ნებისმიერი მოქალაქე. მასაც პერიოდულად სჭირდება სამედიცინო დახმარება – დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებები. ეს საკითხი ექიმისთვისაც მტკივნეულია, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის და სამედიცინო საქმიანობაში დაშვებულ ხარვეზებს გარკვეული მიზეზები აქვს. სამედიცინო სფერო უამრავ საგმირო საქმეს აკეთებს, მაგრამ როცა არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევა გამოვლინდება, ის რეზონანსულია და დაფარვადი არ არის. ეს ყველაფერი ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, ვიდრე ჩვენი შიდა პრობლემა“, – განაცხადა ბესარიონ ირემაშვილმა.

ამ განცხადებით ბესარიონ ირემაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად ადეკვატურად რეაგირებენ მედიკოსები ისეთ შემთხვევებზე, როცა მათ მიერ არასწორი დიაგნოზის დასმა ხდება, რამდენად საჯაროვდება მათი მხრიდან ასეთი ფაქტები და რამდენად მაღალია მიმართვიანობა თუნდაც, შესაბამისი უწყებების მიმართ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პრობლემას უკავშირდება საქართველოში ექიმის მიერ არასწორი დიაგნოზის დასმის ფაქტები, ბესარიონ ირემაშვილმა განაცხადა, რომ მედიცინა ურთულესი სფეროა, სადაც ორჯერ ორი ძალიან ხშირად, ოთხი არ არის და აქ ორი საკითხი იკვეთება.

„პირველი, ეს გახლავთ სუბიექტური მიზეზები, რაც თვითონ ექიმის კვალიფიკაციას ეხება, რადგან ყველას თანაბარი გამოცდილება და განათლება არ აქვს. მეორე გახლავთ ობიექტური მიზეზები, რომელიც ზუსტად ამ სირთულებებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ბესარიონ ირემაშვილმა.

შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოების მხრიდან სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობის აღდგენა მოხდეს, რადგან არასწორი დიაგნოსტირების შემთხვევების გამო სამედიცინო პერსონალს რეპუტაციის პრობლემა ექმნება და მათ მიმართ უნდობლობა ჩნდება, ირემაშვილმა აღნიშნა, რომ არის ცალკეული შემთხვევები, როცა საქმე გვაქვს ექიმის ნაკლებ კვალიფიკაციასთან, მაგრამ ამ ერთეულ შემთხვევებს ისეთი რეზონანსი არ უნდა მიეცეს, რომ ის მთლიანად ჯანდაცვის სისტემაზე გავრცელდეს.

„საქართველოს საკმაოდ მაღალი დონის ჯანდაცვის სისტემა აქვს და ქართული მედიცინა საკმაოდ დიდ საგმირო საქმეებს აკეთებს. ერთეული ასეთი შემთხვევები რასაკვირველია, იქნება. ადამიანის საქმიანობა ზოგადად, ახლავს ხოლმე შეცდომები, ნებისმიერ სფეროში. თუმცა, ჩვენთან ეს ძალიან მტკივნეულად აღიქმება“, – განაცხადა ბესარიონ ირემაშვილმა.