ბერშუეთში მცხოვრები - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში აცხადებდა, ეს არის ჩემი სამშობლო და მე არ ვცნობ თქვენს საზღვრებსო
ბერშუეთში მცხოვრები - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში აცხადებდა, ეს არის ჩემი სამშობლო და მე არ ვცნობ თქვენს საზღვრებსო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ჰყავდა ბევრი ოსი პაციენტი და ბევრი მეგობარიც, ბევრ ოსს მკურნალობდა, – ამის შესახებ სოფელ ბერშუეთში მცხოვრებმა შოთა ბიძინაშვილმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დროებითი დაკავების იზოლატორში ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

შოთა ბიძინაშვილის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევის აღიარებას სთხოვდნენ, რაზეც მისგან უარი მიიღეს.

„ჩვენი დაჭერიდან მესამე დღეს მოიყვანეს ვაჟა გაფრინდაშვილი. ამბობდა, რომ წუხდა ჩვენი, გლეხების ბედით. აქ არ იჭერენ პარლამენტარებს, აქ მარტო გლეხები ხვდებიანო, იქნებ ისე გავაკეთო, წითელი ჯვარი მაინც შემოვიდეს ან სამჯერადი კვება იყოსო. ვამაყობ ამ კაცით. ყვებოდა, რომ სოფელ მონასტერში დააკავეს. არ ვიცით, სად მიდიოდა. ვითომ იქ ეკლესიაა და იქ მიდიოდა. ბევრი ოსი პაციენტი ჰყავდა. რაც დაიჭირეს, იმ დღიდან დაკითხვაზე დაჰყავდათ და ეუბნებოდნენ, აღიარე ე.წ. საზღვრის დარღვევა და გაგიშვებთო. ექიმმა უთხრა, რომ არანაირ საზღვარს არ ვაღიარებ, ეს არის ჩემი სამშობლო, მე არ ვცნობ თქვენ საზღვრებსო და ამის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს წინა დღეს ოსმა გამომძიებელმა კიდევ ერთხელ გაიყვანა და უთხრა, მესმის, რომ სამშობლო გიყვარს, მაგრამ თუ გინდა გახვიდე, უნდა აღიარო, რომ საზღვარი დაარღვიე. ვაჟა გაფრინდაშვილმა უთხრა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებდა. განუცხადეს, თუ არ აღიარებ, ციხეში გადაგიყვანთო. ვაჟა გაფრინდაშვილმა კი უპასუხა, რომ არაფრის ეშინოდა. 12-ში ღამით გაიყვანეს და მას შემდეგ აღარ გვინახავს. შემართებით იყო, თავი არ დაუხრია და აქეთ ჩვენ გვამხნევებდა“, – განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულმა შოთა ბიძინაშვილმა.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე იმყოფებოდა. კოდისწყაროში მცხოვრები ორი მწყემსი, სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული ორი ადგილობრივი და გრემისხევში მცხოვრები ადგილობრივი ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკისრებული 2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

დატოვე კომენტარი