ბერნარდო სილვა, გიუნდოგანი, უოკერი, კანსელო და ლაპორტი გვარდიოლათი უკმაყოფილოები არიან და ზაფხულში წასვლა სურთ #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ რამდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილოა პეპ გვარდიოლათი და ზაფხულში შეიძლება, გუნდი დატოვონ.
ლაპარაკია ილქაი გიუნდოგანზე, კაილ უოკერზე, ჟოაო კანსელოზე, ბერნარდო სილვასა და ემერიკ ლაპორტზე. ეს ინფორმაცია ჟურნალისტმა ხოსე ალვარეს გაიამ გაავრცელა ინტერნეტტელევიზიის, El Chiringuito-ს ეთერში.
„„მანჩესტერ სიტიში“ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. გასახდელში არაჯანსაღი ატმოსფეროა. ცოტა ხნის წინ გვარდიოლამ კიდევ ორი სეზონით გააგრძელა კონტრაქტი და გუნდში რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მწვრთნელით. ესენი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.
საქმე ეხება ჟოაო კანსელოს, რომელსაც ზაფხულში წასვლა უნდა. იგივე სურვილი აქვს კაილ უოკერს, ასევე გიუნდოგანსა და ბერნარდო სილვას. და ლაპორტმაც შეიძლება, იპოვნოს ზაფხულში ახალი კლუბი, რადგან არ აქვს გუნდში კარგი მდგომარეობა.
კანსელოსა და უოკერს არ აქვთ კარგი ურთიერთობა გვარდიოლასთან და ეს მნიშვნელოვანი მომენტია.
გიუნდოგანის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ იწურება. ისინი უკვე ორი წელია, ცდილობენ ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოლაპარაკებას. ახლა ცნობილი გახდა, რომ გიუნდოგანის აგენტმა „ბარსელონასთან“ დაიწყო მოლაპარაკება.
რამდენიმე თვეა, „მანჩესტერ სიტი“ ახალ კონტრაქტს სთავაზობს ბერნარდო სილვას, მაგრამ ფეხბურთელი უარს ამბობს, რადგან ზაფხულში წასვლა უნდა. ანალოგიურ სიტუაციაში უარი თქვა ლაპორტმაც. ის შეიძლება, ლა ლიგის რომელიმე გუნდში წავიდეს. აი, ასეთი მდგომარეობაა დღეს „მანჩესტერ სიტიში“, – თქვა გაიამ.
„მანჩესტერ სიტი“ მეორე ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში და ლიდერ „არსენალს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.