ბერლინთან ახლოს, გრუნევალდის რაიონში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქების შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვიან
ბერლინთან ახლოს, გრუნევალდის რაიონში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქების შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვიან

ბერლინის სიახლოვეს, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, გრუნევალდის რაიონში მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აფეთქების ადგილთან ახლოს სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. გავრცელებული ცნობით, საბრძოლო მასალის აფეთქების გამო საწყობში ცეცხლის ლიკვიდაციას მეხანძრეები ჯერ ვერ ახერხებენ. მომხდარის ადგილთან მიახლოება სახიფათოა. ცეცხლი 1.5 ჰექტარზეა მოდებული.

ადგილზე იმყოფება სახანძრო სამსახურის 100 თანამშრომელი. მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც. ხელისუფლებამ ხანძრის ჩასაქრობად დახმარება გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალებს სთხოვა. უახლოესი დასახლება ხანძრის ეპიცენტრიდან ორ კილომეტრში მდებარეობს.

ბერლინის მთავრობამ მოუწოდა მოსახლეობას, ხანძრის ეპიცენტრთან მიახლოებას თავი აარიდონ და გრუნევალდის ტყეში შესვლისგან თავი შეიკავონ. ადგილობრივ მოსახლოებას სთხოვენ, სახლებში ფანჯრები არ გააღონ და არ ჩართონ კონდიციონერები. გერმანული სააგენტოების ცნობით, ბოლო დღეებში ბერლინში სიცხე და გვალვაა, რამაც შესაძლოა, მეხანძრეებს ცეცხლის ლიკვიდაციაში ხელი შეუშალოს.