ბერლინში პოლიციამ პალესტინელების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დაშალა
ბერლინში პოლიციამ პალესტინელების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დაშალა

ბერლინში პოლიციამ პალესტინელების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დაშალა, რომლებსაც უნივერსიტეტის ეზოში კარვები ჰქონდათ გაშლილი.

პროტესტს ბერლინის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი პალესტინას მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ბერლინის პოლიციამ თავდაპირველად სტუდენტებს კარვების დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი სტუდენტების გამოყვანა დაიწყო, რასაც პოლიციასა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა სტუდენტების მისამართით წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, სტუდენტებმა ნებისმიერი ტიპის დიალოგზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ტერიტორიის გასუფთავების მიზნით, პოლიცია გამოეძახებინა.

„ბერლინის უნივერსიტეტის ოკუპაცია მიუღებელია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ტიპის აკადემიური დიალოგისთვის, მაგრამ არა ამ გზით“, – განაცხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, გიუნტერ ციგლარმა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი აუდიტორიებში შესვლას და მათ დაკავებას ცდილობდა.

ბერლინის მერმა, კაი ვეგნერმა პოლიციის გამოძახების შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.