ბერლინში მოლდოვის საელჩომ მუქარების გამო მუშაობა შეაჩერა
ბერლინში მოლდოვის საელჩომ მუქარების გამო მუშაობა შეაჩერა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში საკუთარი საელჩოს მუშაობა დროებით შეაჩერა.

როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი დიპლომატიური მისიის მისამართით განხორციელებული მუქარები გახდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუქარები ფრანკფურტში მდებარე მოლდოვის საკონსულომაც მიიღო.

„თურქეთის მოქალაქეების ჯგუფის მიერ პროტესტის გამოცხადების, მუქარის გამოთქმის შემდეგ და ბერლინში მოლდოვის რესპუბლიკის საელჩოსა და ფრანკფურტში საკონსულოს მისამართით შესაძლო აგრესიის გამო, მიღებულია ზომები დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. დემონსტრაციების მიმდინარეობისას ბერლინში დიპლომატიური მისია მუშაობას წყვეტს“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო უწყების  განცხადებაში.

მოლდოვის ხელისუფლებამ დააკავა და ქვეყნიდან გააძევა ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული სასწავლებლების ქსელის შვიდი თანამშრომელი. მოლდოდვის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის შვიდი მოქალაქე ისლამისტურ დაჯგუფებებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.  მოლდოვიდან თურქეთის მოქალაქეების დეპორტაციას ადგილობრივი ოპოზიციონერები, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

ამასთან, მოლდოვურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მოქალაქეების გადაცემა ერთ-ერთი პირობა იყო თურქეთის მიერ მოლდოვის საპრეზიდენტო რეზიდენციის რეკონსტრუქციისთვის 10 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის სანაცვლოდ. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელმაც მედიას სპეკულაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.