ბერლინში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ამბასადორიალი გაიმართა
ბერლინში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ამბასადორიალი გაიმართა

ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე.

აღინიშნა, რომ ელჩებთან საუბარი შეეხო შიდა სამუშაო გეგმას, რომელიც უნდა განხორციელდეს წლის ბოლომდე, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

„ჩვენს პარტნიორებში განწყობები ძალიან პოზიტიურია, რაც გვაიმედებს, გვაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, თანმიმდევრულად, ლოგიკურად მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა ისაუბრა საელჩოებს შორის კოორდინაციის საკითხზე და ერთიან სამოქმედო გეგმაზე.

„მთავარი საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის გაუმჯობესებული კოორდინაცია ჩვენ შორის, ერთმანეთში და უფრო მეტი, მჭიდრო კომუნიკაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში იმ შესაბამის ხალხთან, ვინც იღებს მონაწილეობას საბოლოოდ ქვეყნების პოზიციების ფორმირებაში, როდესაც საკითხი ეხება კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას, სწორედ მეტი აქტიურობა იქნება დიპლომატიური კორპუსის პარტნიორებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვუთხრათ იმ კონკრეტული საქმეების შესახებ, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ განახორციელა და უფრო მეტად ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორები და გავხადოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის მონაწილე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრა 10 მაისს ბერლინში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.