ბერლინის პოლიციამ აშშ-ის საელჩოში გამოვლენილ ე.წ. ჰავანას სინდრომის შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ბერლინის პოლიციამ აშშ-ის საელჩოში გამოვლენილ ე.წ. ჰავანას სინდრომის შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, ბერლინის პოლიციამ, აგვისტოს თვეში გერმანიაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებში გამოვლენილ „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოცემის ცნობით, გამოძიებას აშშ-ის მთავრობის მიერ გადაცემული მასალა უდევს საფუძვლად.  ე.წ. ჰავანას სინდრომი მოიცავს თავის ტკივილს, გულისრევას, მეხსიერების დაქვეითებას და თავბრუსხვევას.

აღნიშნული სიმპტომები პირველად კუბაში, 2016 წელს აშშ-ის მისიის თანამშრომლებს დაუდგინეს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თქმით, მსოფლიო მასშტაბით ე.წ. ჰავანას სინდრომის სიმპტომები აშშ-ის მისიების 200-მდე თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს აღენიშნებათ.

უილიამ ბერნსის თქმით, არსებობს დიდი შანსი, რომ სინდრომი ხელოვნურად არის გამოწვეული და მის შექმნაზე პასუხისმგებელი შესაძლოა, რუსეთი იყოს, თუმცა მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჰავანას სინდრომის სიმპტომები ივლისის თვეში ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსაც დაუდგინდათ.