ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს 164 მოქალაქე დაბრუნდა [ვიდეო]

ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს 164 მოქალაქე დაბრუნდა, – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა სპეცრეისი ბერლინიდან, რომლითაც სამშობლოში 164 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით თბილისსა და კახეთში განლაგებულ საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს“, – აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრ​ოში აღნიშნავენ, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.