ბერლინიდან ჩარტერული ავიარეისით დღეს საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება
ბერლინიდან ჩარტერული ავიარეისით დღეს საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ბერლინი თბილისის მიმართულებით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ რეისით საქართველოში ჩამოვა 180-მდე მგზავრი, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები.

„აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მეოთხე ჩარტერული რეისი ბერლინიდან.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.“- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 10 115 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი ტრანზიტული მგზავრებისათვის, რომლითაც სამშობლოს აშშ-დან დაუბრუნდება სტუდენტები, სამხედროები, ხანდაზმული პირები, ტურისტები და ა.შ.

დატოვე კომენტარი