ბერლინალეს „ოქროს დათვის“ მფლობელი ფილმის „კედლის პირისპირ“ ჩვენება გაიმართება

22:10, 08.06.2018

თბილისში, გერმანიის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში,  ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელი და ევროპული კინემატოგრაფიის გამარჯვებული ფილმის, ფატიჰ აკინის გახმაურებული კინოსურათის „კედლის  პირისპირ“/“Gegen die Wand“ (2004) ჩვენება გაიმართება.

„კედლის პირისპირ“/“Gegen die Wand“ მოგვითხრობს ორი გერმანელი თურქის ისტორიას, რომლებიც გერმანულ და თურქულ კულტურებს შორის არსებულ დაძაბულობას თავს ვერ ართმევენ და სასოწარკვეთილებისაგან ერთმანეთს უკავშირებენ თავიანთ ბედს.​ ახალგაზრდა სიბელის და ტრაგიკული ჯაჰიტის თავისუფალი ცხოვრებისკენ სწრაფვა და სიკვდილის წყურვილი ერთმანეთს ხვდება. ფილმი მოგვითხრობს, შეძლებენ თუ არა ახალგაზრდები ამ ურთიერთობით საკუთარი თავის გადარჩენას.

კინოჩვენება 11 ივნისს, 20:00 საათზე ფაბრიკაში იგეგმება და დასწრება თავისუფალია.

ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე“ სლოგანით „სამი ქვეყანა – ერთი ენა“ გერმანიის ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით წელს მეექვსედ იმართება. „გერმანული ენის თვე“ 15 მაისიდან 17 ივნისამდე გრძელდება.

მსგავსი