ბერიძემ „უიპეშტი“ დუბლით უნგრეთის თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ბერიძე უნგრეთის თასის 1/16-ფინალური შეხვედრების ერთ-ერთი გმირი გახდა, „უიპეშტი“ კი ბოლო წუთებზე შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
მისი გუნდი, რომელიც უნგრეთის თასის მფლობელია, გასვლაზე „ბუდაფოკს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. გიორგი ბერიძემ 47-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. 64-ე წუთზე დანიელ შალაიმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 88-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი მეორედ აიღო, დუბლი შეასრულა და „უიპეშტი“ თასის 1/8-ფინალში გაიყვანა.
ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი (ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის) განაცხადშიც არ ყოფილან „ფერენცვაროშის“ შემმადგენლობაში, რომელმაც გასვლაზე დაბალი ლიგის „ტოკოლს“ 0:7 სძლია.
ლუკა ლაკვეხელიანის „მეზოკოვეშდი“ გასვლაზე „სეგედის“ შეხვდა. მატჩის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, პენალტების სერია კი „სეგედის“ ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს და 3:1 მოიგეს.
ყველაზე გვიან უნგრეთის თასის 1/16-ფინალურ შეხვედრას ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ ჩაატარებს, რომელიც 3 ნოემბერს დაბალი ლიგის „ბასუტასს“ ესტუმრება.