ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის ხმა ისევ ისმის
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის ხმა ისევ ისმის

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლის ხმა კვლავ ისმის. სროლისა და აფეთქებების ხმა ადგილზე ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ სახანძრო მანქანა შევიდა.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

დაახლოებით 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.

სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.