ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული საედ დუდაევის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული საედ დუდაევის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებულის, ტერორიზმში ბრალდებული საედ დუდაევის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ბრალდებულ საედ დუდაევის ადვოკატის ცნობით, მას ტელეფონით აცნობეს, რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ დაუშვებლად ცნო მათი საჩივარი. შესაბამისად, საჩივრის შინაარსზე არ უმსჯელია მოსამართლეს, რომლითაც ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. საედ დუდაევს აღკვეთის ღონისძიებად თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობა მხარეების მონაწილეობის გარეშე გაიმართა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.

სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის სტაბილურია.

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.