ბერძნული მედია - თესალონიკში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა
ბერძნული მედია - თესალონიკში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში პოლიციამ დააკავა საქართველოს 36 წლის მოქალაქე, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა.

როგორც იუწყებიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალურ გადაყვანაში ბრალდებული მამაკაცი. საიმიგრაციო სამსახურმა და პოლიციამ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად აიყვანეს. მას ასევე ადანაშაულებენ სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობაში, წინააღმდეგობის გაწევაში, თაღლითობასა და საგზაო წესების დარღვევაში. დაკავებულს მართვის მოწმობა საერთოდ არ აღმოაჩნდა.

როგორც ბერძნული მედია წერს, როდესაც პოლიცია მანქანის გაჩერებას შეეცადა, საქართველოს მოქალაქემ სიჩქარეს მოუმატა და გაქცევის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალება გზიდან გადავარდა. დაკავებისას მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

ავტომანქანაში აღმოჩენილია 13 ავღანელი მიგრანტი, რომელთაც საბერძნეთში დარჩენის უფლება არ ჰქონდათ და დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდათ.ავტომობილს ყალბი სანომრე ნიშნები ჰქონდა.

მედიის ინფორმაციით, ამოღებულია სამი მობილური ტელეფონი და ფული, რომელიც დაკავებულს ჩამოართვეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თესალონიკის არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის განყოფილებამ საქართველოს საკონსულოს საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი დაუდასტურა. მათი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.