ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 21 სექტემბერს ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს.

საქართველოს ნაკრების სახელით ოთხი მოჭიდავე – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), იური ლომაძე (77 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გამოვიდა, რომელთაგანაც ნახევარფინალში მხოლოდ წურწუმია იჭიდავებს.

ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში მოლდოველ არტიომ დელეანუს მოუგო და ფინალში გასასვლელად იასპარეზებს. მსოფლიო პირველობაზე ნახევარფინალური დაპირისპირებები 18:45 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 22 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო – გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა.