ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ხოზრევანიძე და მიქელაძე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველები ანრი ხოზრევანიძე (63 კგ) და თორნიკე მიქელაძე (77 კგ) ნახევარფინალში გავიდნენ. მეოთხედფინალში ხოზრევანიძემ სამხრეთ კორეელი ბიეონგი სეო დაამარცხა. მიქელაძემ კი ინდოელ ნიშან ფოგანტს აშკარა უპირატესობით 8:0 სძლია.
ტურნირზე ნახევარფინალები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ხოზრევანიძე ნეიტრალური ათლეტის რანგში მოჭიდავე რუსეთის ნაკრების წევრ ერზუ ზაკრიევს დაუპირისპირდება, ხოლო მიქელაძე – ირანელ ალირეზა აბდევალის.
დღესვე, საქართველოს სახელით მსოფლიო პირველობაზე გიორგი კოჩალიძემ (55 კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და საბა ჩილაშვილმაც (130 კგ) იასპარეზეს. კოჩალიძე და ჩილაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდნენ, ბოლქვაძე – მერვედფინალში.
კოჩალიძე და ბოლქვაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს ინარჩუნებენ.