ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს მედლებისთვის კიდევ სამი ქართველი იბრძოლებს – ლერი აბულაძე (63კგ), ჯონი ხეცურიანი (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ).
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 12:30 საათიდან დაიწყება, ნახევარფინალები კი 18:30 საათზე გაიმართება.
დღესვე, გუშინდელი წონითი კატეგორიების ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება, სადაც ამირან შავაძე (60კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მსოფლიო პირველობაზე ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს გიორგი მელიაც (97კგ).
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. 18 წლის ვახტანგ ლოლუამ (55კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, გელა ბოლქვაძე (82კგ) კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.