საბერძნეთში მეხანძრეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ
საბერძნეთში მეხანძრეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ

საბერძნეთში მეხანძრეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბერძენ მეხანძრეთა ფედერაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრის სტათოპულოსმა განაცხადა, ათენთან ახლოს მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, რა დროსაც 90 ადამიანი დაიწვა, ნაწილობრივ ხელისუფლების ბრალია.

მისივე თქმით, მთავრობამ დაუშვა შეცდომები და ამასთან ერთად, შეამცირა სახანძრო სამსახურის ბიუჯეტი, რის გამოც მეხანძრეებს ცეცხლი ჩაქრობის უფრო ეფექტური საშუალებები არ აღმოაჩნდათ.

„მთავრობა ამბობს, რომ სამაშველო ოპერაციის დროს მნიშვნელოვანი და საბედისწერო შეცდომები არ დაუშვია, თუმცა იყო ათასობით პატარა შეცდომა, რის გამოც ეს შედეგი დადგა“, – განაცხადა ბერძენ მეხანძრეთა ფედერაციის ხელმძღვანელმა.

ერთ-ერთ ასეთ შეცდომად სტათოპულოსმა ევაკუაციის შესახებ განკარგულების დაგვიანებით გაცემა და მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ ძლიერი ქარის შესახებ გაფრთხილების დაგვიანებით გავრცელება დაასახელა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გასულ წლებში გატარებული „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გამო, ამჟამად სახანძრო მანქანების 30 პროცენტი მწყობრიდანაა გამოსული.

„მეხანძრეები ფიცს ვდებთ, რომ დავიცავთ მოქალაქეებს და მათ საკუთრებას, ჩვენ უკეთ ვიცით, როდის უნდა დაიწყოს ევაკუაცია, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი რეკომენდაცია არ შეისმინეს. ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის და ბოდიშის მოხდა აუცილებელია“, – განაცხადა სტათოპულოსმა.

მეხანძრეებმა და ექსპერტებმა კატეგორიულად უარყვეს საბერძნეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ვერსია, რომ თითქოს, ხანძარი ათენთან ახლოს განზრახ გააჩინეს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ასეთი არგუმენტებით მთავრობა პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს.

მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომხდარ ტრაგედიაზე და მზადაა, საგანაგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელთა მოქმედებები გამოიძიოს.

შეგახსენებთ, ათენის სიახლოვეს ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-ს აღწევს, არიან დაკარგულები. ყველაზე მეტად საკურორტო ქალაქი მატი დაზარალდა.