ბერდია სიჭინავა - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ჩვენი პარტიის წევრი არჩეულია „ოცნებასთან“ ან „ნაცმოძრაობასთან“ ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების გარეშე
ბერდია სიჭინავა - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ჩვენი პარტიის წევრი არჩეულია „ოცნებასთან“ ან „ნაცმოძრაობასთან“ ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების გარეშე

რუსთავი უკვე მესამე მუნიციპალიტეტია, სადაც ჩვენმა პარტიამ „საქართველოსთვის“ თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით შევძელით კრიზისის თავიდან აცილება და მოქალაქეების ნების აღსრულება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოს წევრად ნოდარ შეროზია არჩეულია ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების და ვალდებულების გარეშე „ოცნებასთან“ ან „ნაცმოძრაობასთან“.

„დღეს, რუსთავში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის შემდეგ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნოდარ შეროზია არჩეულ იქნა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ. ხაზს ვუსვამთ, არჩეული ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების და ყოველგვარი ვალდებულების გარეშე „ოცნებასთან“ ან „ნაცმოძრაობასთან“. ამიტომ, ორივეს, „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ მიღებული მანდატების შესაბამისად, მოვუწოდებთ, როგორც მოადგილეების, ისე კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებზე, იმუშაონ რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა მმართველ პარტიას არ მისცა ერთპიროვნული ძალაუფლება, ქმნიან კრიზისს და სურთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

„ახლა კი ველით „ოცნებიდან“ სუბარის მორიგ ბრიფინგს, რომელსაც ტრადიციულად მოგვიძღვნიან ჩვენ და იტყვიან რომ აი, ისევ „გარიგდნენ“, „შერიგდნენ“ ან „გადარიგდნენ“, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს მისცეს ხმა. დაგასწრებთ და თქვენზე ადრე ვეტყვით მოსახლეობას, რომ მორიგ ტყუილს იტყვით და კიდევ ერთხელ შეეცდებით მათ მოტყუებას. სიმართლე არის ის, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ უმრავლესობა, ვერ ეგუებით ვერაფრით, რომ არ გაქვთ ერთპიროვნული ძალაუფლება, ამიტომ, ქმნით კრიზისს და გინდათ, დანიშნოთ ხელახალი არჩევნები. რატომ გვაძლევს ოპოზიცია, მათ შორის „ნაცმოძრაობა“ ხმას? ესეც მარტივია, ყველამ ნახეთ, რომ ორი თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობაც“ უარზე იყო, არც მათ უნდოდათ ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვა და ღიად აცხადებდნენ, რომ ყველა პოზიცია ამ საკრებულოებში მხოლოდ თვითონ უნდოდათ, „ოცნების“ გარეშე. ამაზე ჩვენგან ორივემ – „ოცნებამაც“ და „ნაცმოძრაობამაც“ მიიღო თანმიმდევრული, პრინციპული უარი. ახლა ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, არ აწყობს ხელახალი არჩევნები და ამიტომ აძლევენ ჩვენს კანდიდატს ხმას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოადგილედაც და კომისიების თავმჯდომარეებადაც ოპოზიციასთან ერთად, „ოცნებასაც“ ვთავაზობთ, მარტო კი არ ვთავაზობთ, აგერ 2-3 ჯერ უხეშად რომ ვთქვათ, შევუნახეთ ეს შეთავაზება.

„ოცნებამ“ რაც არ უნდა მოიგონოს და მესამედ ან მეათედ გამოიყვანოს ბატონი სუბარი ერთი და იგივე ტექსტით, ბრალდებებით ჩვენ მიმართ, ჩვენ მაინც ასე თანმიმდევრულად და პრინციპულად გავყვებით ჩვენს გეგმას, რომელიც მდგომარეობს ისევ და ისევ ადგილობრივ მმართველობაში ბალანსის უზრუნველყოფაში, რაც არის მოქალაქეების არჩევანი, ნება. მდგომარეობს იმაში, რომ დავასრულოთ კრიზისი, ხელი შევუშალოთ როგორც „ოცნების“, ისე „ნაცმოძრაობის“ ერთპიროვნულ მმართველობას, თავიდან ავარიდოთ ამ მუნიციპალიტეტებს ხელახალი არჩევნები. შესაბამისად, თავიდან ავიცილოთ ამ პერიოდში გაჩერებული – ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი, სენაკი, ჩხოროწყუ თუ წალენჯიხა. აი, ამის არდაშვება და მოქალაქეების არჩევანის შესაბამისი მოქმედეება არის ჩვენი გეგმა და მიზანი“,  – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.