ბერდია სიჭინავა - „ქართული ოცნება“ რაც არ უნდა ეცადოს, რომ რაღაც კოალიციურ ალიანსში დაგვადანაშაულოს რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
ბერდია სიჭინავა - „ქართული ოცნება“ რაც არ უნდა ეცადოს, რომ რაღაც კოალიციურ ალიანსში დაგვადანაშაულოს რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა და ლიდერშიპი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რაც არ უნდა ეცადოს, რომ რაღაც კოალიციურ ალიანსში დაადანაშაულოს ჩვენი პოლიტიკური პარტია რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

„სენაკის მუნიციპალიტეტში მარტივი მოცემულობა გვაქვს, ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შევთავაზეთ გამოცხადებულიყვნენ საკრებულოს სხდომაზე და ჩვენს უპირობო მხარდაჭერას მიიღებდნენ, თუმცა, რეალურად სენაკელი ამომრჩევლის და მოსახლეობის ინტერესი კი არ არის „ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანი, არამედ ამ მუნიციპალიტეტში არ დაუშვას ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლება.  შესაბამისად ისინი ყველაფერს აკეთებენ.

ძალიან ნიშანდობლივი იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სურთ ამ მუნიციპალიტეტში უმრავლესობის ფორმირება, რაც ბუნებრივია, გამორიცხულია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკების გარეშე. ამ ყველაფერს არ აქვს ის მიზანი, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგად შეიქმნას სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებასთან” უმრავლესობა. ეს არის იმ მეთოდების გაგრძელება, რომელიც დაგვიანონსა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მაშინ, როდესაც რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ერთპარტიული და ერთპიროვნული ძალაუფლება. ეს არის ადამიანების არჩევანის ქურდობა, იმ მოქალაქეების არჩევანის ქურდობა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ამ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

​მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი დაცული იყოს.

„კარგად დავინახეთ ის მეთოდები, „ქართული ოცნება“ როგორ ებრძვის და იპარავს ადამიანების მიერ მიცემულ მანდატებს სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან. გავიხსენოთ ბათუმის შემთხვევა, სადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ასევე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი პირდაპირ მოისყიდეს და პირდაპირ იყიდეს მანდატი ირაკლი თავდგირიძის სახით. ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენს წარმომადგენელს 200 000 ლარს სთავაზობენ იმისთვის, რომ გადავიდეს „სწორ პოზიციაზე” და ამისთვის ჰპირდებიან, რომ ირაკლი კობახიძეც კი დაელაპარაკება ამ ადამიანს. საინტერესოა, საიდან მოდის ეს შავი ფული.

მიუხედავად ამ მცდელობებისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი იყოს დაცული ამ მუნიციპალიტეტებში და მეორე, ამ მუნიციპალიტეტებში არ იყოს კრიზისი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს აქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. შესაბამისად, ჩვენი პრინციპი არის ღია, მარტივი და გამჭვირვალე. შევთავაზეთ კიდეც „ოცნების“ წარმომადგენლებს, მოსულიყვნენ და უპირობო მხარდაჭერას მიიღებდნენ ჩვენგან. სამწუხაროდ, რეალურად არ აღმოჩნდნენ იმ სიმაღლეზე, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები და ერთპარტიული ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესები გადაედოთ და წინ დაეყენებინათ ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების ინტერესები.

ამ ყველაფერს ახალისებს ირაკლი კობახიძის განცხადებები და იმ პოლიტიკური პარტიის აქტივის განცხადებები, რომლებიც თითქოს სპეკულირებენ იმის შესახებ, რომ მათემატიკა არ ვიცით. რეალურად, „ქართული ოცნების“ მათემატიკა არის ის, რაც შემოგვთავაზეს არჩევნების შემდგომ პერიოდში – გაზრდილი გადასახადები, ინფლაციის 14%-იანი მაჩვენებელი, გაზრდილი კომუნალური გადასახადები. ეს არის თქვენი მათემატიკა. ამ ადამიანებს მათემატიკასაც ვასწავლით, იურიდიულ ნიუანსებსაც, რომელსაც ასე უსინდისოდ იტყუებიან. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი უკეთ ხვდება ვინაა მატყუარა, ვის შეჰყავს მოქალაქეები კრიზისში და ვინაა მოწადინებული, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურმა ძალებმა აიღონ პასუხისმგებლობა და პრიორიტეტში დააყენონ მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესი“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.