ბერდია სიჭინავა - მარტა კოსის განცხადება არაფერს ნიშნავს, ეს არის ჰიპოთეზა, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, სრულფასოვნად მონაწილეობდეს გადაწყვეტილების პროცესში
ევროკავშირის წინაშე, შეიძლება, ბევრი გამოწვევა იყოს, მაგრამ ევროკავშირში ჩვენ უნდა შევიდეთ, როგორც სრულფასოვანი წევრები. ევროკავშირი ჩვენი ქვეყნისგან არანაირი სუვერენიტეტის დათმობას არ ითხოვს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მარტა კოსის განცხადება არის მხოლოდ ჰიპოთეზა, რომელიც შეიძლება, იყოს გამოთქმული.
ბერდია სიჭინავას განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქმედებებისთვის და ყველაფერი გააკეთოს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„მარტა კოსის ეს კანცხადება საერთოდ არაფერს ნიშნავს. ეს არის ჰიპოთეზა, რომელიც შეიძლება, იყოს გამოთქმული. მეორე საკითხია, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობდეს. ესაა ჩვენი ამოცანა და ამისთვის ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ. ისე კი არა, ახლა ხელისუფლება რომ დამალულია, ხმას არ იღებენ, მოლაპარაკების პროცესში არ მონაწილეობენ, ყველას აგინებენ, საერთაშორისო დონეზე იმდენი აქვთ გაფუჭებული, რომ ვერავის სცემენ ხმას, რადგან საუბრის რესურსი აღარ დარჩათ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის წინაშე, შეიძლება, ბევრი გამოწვევა იყოს, მაგრამ ევროკავშირში ჩვენ უნდა შევიდეთ, როგორც სრულფასოვანი წევრები. ევროკავშირი ჩვენი ქვეყნისგან არანაირი სუვერენიტეტის დათმობას არ ითხოვს. ევროკავშირი სუვერენიტეტის დაცვის გარანტია.
ქვიშაში სირაქლემასავით თავის ჩარგვა კი არ არის საჭირო, რასაც „ოცნება“ ცდილობს, თავი უნდა ამოყონ, ბოდიში მოიხადონ იმ სიტყვებისთვის, იმ სისულელეებისთვის, რაც საერთაშორისო ასპარეზზე უკეთებიათ და მუშაობა გააგრძელონ. დიახ, მეც ნამდვილად არ მინდა, იმ გაერთიანების წევრი ვიყო, სადაც სრულფასოვნად არ მიღებენ“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, რომ „ლუქსემბურგის მხარეს სთხოვეს, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ“, – სიჭინავას განმარტებით, „ოცნების“ პოლიტიკაა – გარეთ მხდალი, შინ ძლიერი.
„შიგნით რასაც ლაპარაკობენ, გარეთ არ ლაპარაკობენ. ამათი საგარეო რიტორიკა გათვლილია შიდა მოსახლეობაზე, თითქოს მაგრები არიან, თითქოს სუვერენიტეტს იცავენ. გარეთ რომ არიან, იხვეწებიან, როგორმე ურთიერთობები დაასტაბილურონ. ამიტომ მოქალაქეებთან ჯერ გულწრფელი იყვნენ და შემდეგ შეეძლებათ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგება. საკუთარ მოქალაქეს რომ ერთს არწმუნებ და გარეთ სხვას ლაპარაკობ, ეს არის გამოხატულება, რომ შენ ხარ „გარეთ მხდალი, შინ ძლიერი““, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.