ბერატ ალბაირაკი - რუსული თავდაცვის სისტემის შეძენასთან დაკავშირებით თურქეთის გეგმაზე დონალდ ტრამპმა გონივრული პოზიცია დაიკავა
რუსული თავდაცვის სისტემის შეძენასთან დაკავშირებით თურქეთის გეგმაზე დონალდ ტრამპმა გონივრული პოზიცია დაიკავა, – ამის შესახებ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაირაკმა აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბერატ ალბაირაკის თქმით, დონალდ ტრამპი პოზიტიურად მიუდგა თურქეთისთვის რუსული თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენის საჭიროებას.
თურქეთის პრეზიდენტის სიძე, ბერატ ალბაირაკი ვაშინგტონში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სტივ მნუჩინს და თეთრი სახლის მრჩეველს და დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდა.
აშშ-ის დედაქალაქში იმყოფება თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარიც. მისი განცხადებით, თურქეთს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა დიდი ქალაქების, ანკარასა და სტამბოლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება.