ბერას და უაიკლეფ ჟანის დუეტი „ბლექ სი ჯაზ ფესტივალზე“ [ფოტო-ვიდეო] 

უაიკლეფ ჟანი „ბლექ სი ჯაზ ფესტივალზე“ კონცერტს მართავს. მასთან ერთად ბათუმის კორტებზე დუეტი შეასრულა ბერა ივანიშვილმა.

ბერამ უაიკლეფ ჟანს მადლობა გადაუხადა. ბერამ მაყურებელს უთხრა, რომ ორი წლის წინ მისი სტუმარი იყო და ჰაიტელ მუსიკოსთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ბერამ მსმენელს მოუწოდა, აჩვენონ სტუმარს, როგორი სტუმართმოყვარე ერი ვართ.

მოგვიანებით, ბერამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უაიკლეფ ჟანი გამორჩეული შოუმენია.

„ახალი არ არის, რომ უაიკლეფ ჟანი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შოუმენია. ჩვენ თითქმის შვიდი წელია, ვმეგობრობთ. მე მასთან სახლშიც ვარ ნამყოფი, ის კი ჩემი დედიკოს დაბადების დღეზე ჩამოვიდა სიურპრიზად და პატარა კონცერტი მოვაწყვეთ. დღევანდელი ერთობლივი სიმღერა ექსპრომტი იყო, თუმცა ჩვენ კიდევ სხვა ერთობლივი სიმღერებიც გვაქვს და ერთობლივ პროექტზეც ვმუშაობთ“, – აღნიშნა ბერამ.

უაიკლეფ ჟანმა კონცერტი მრავალჟამიერით დაიწყო. მან საქართველოს დიდი მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისთვის და ყველა ცნობილი ჰიტი იმღერა.

ჰაიტელი მუსიკოსის, პროდიუსერისა და მსახიობის კონცერტი გრძელდება.