ბერა ივანიშვილი - მიზანმიმართული კამპანია, ბოტები, სოციალური მედიის ბულინგის ინსტრუმენტები, უკანონო მოსმენა, ეს ყველაფერი აწყობილია, რომ წამოვეგეთ პროვოკაციაზე, რაც არ გამოუვიდათ
ბერა ივანიშვილი - მიზანმიმართული კამპანია, ბოტები, სოციალური მედიის ბულინგის ინსტრუმენტები, უკანონო მოსმენა, ეს ყველაფერი აწყობილია, რომ წამოვეგეთ პროვოკაციაზე, რაც არ გამოუვიდათ

რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია: ბოტები, სოციალური მედიის ბულინგის ინსტრუმენტები, უკანონო მოსმენა, ეს ყველაფერი აწყობილი თემა იყო იმისთვის, რომ ჩვენ წამოვეგეთ რაიმე პროვოკაციაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდოდათ, – ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ახლა როგორ ფიქრობთ, როდესაც ისინი ამ ყველაფერს მართავდნენ და აკონტროლებდნენ, ჩვენ რომ იქ რამე შეგვშლოდა, რამე შეცდომა დაგვეშვა, თქვენი აზრით, ისინი ამას გვაპატიებდნენ?“, – აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.

ამასთან, ბერა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს, რათა ისინი წყობილებიდან გამოიყვანონ.

„მოდით, იმ 2011 წლის დამკვეთებს, მათ ვინც ამას ასრულებდა, 10-11 წლის გოგოებს აშინებდა, აგინებდა და დღეს ამ ადამიანებს, ამ შავი პიარის მანქანის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ ერთი რამის ქვეშ, რომ ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა ერთი რამ არ იციან – დედის სიყვარული, რადგანაც ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით, მსგავსი საზიზღრობებით. მიჩნდება კითხვა, სად იზრდებიან ეს ადამიანები, რაზე აქვთ პროტესტი, რომ მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არა მარტო ჩემი, არამედ ნებისმიერი მოქალაქის დედის, ოჯახის, ნებისმიერი საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა, ჩემმა მეგობარმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ის უკვე ტერორის მონაწილეა და მით უმეტეს, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება დამეთანხმებით, რომ საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას, ეს უბრალოდ, ასე არ გამოვა. მე მიმაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედა არ უყვარს, ის უბრალოდ, საცოდავი ადამიანია.

გულშემატკივრებს პირველ რიგში ვეტყოდი, რომ ნერვებს გაუფრთხილდნენ, რადგან ის კლავიატურას ამოფარებული აგრესორები არ ღირან მათი ნერვების ფასად. კიდევ ვეტყოდი იმას, რაც მრავალჯერ მითქვამს ჩემი ახლო მეგობრებისთვის, რომ სამწუხაროდ საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ჩვენ მწყობრიდან გამოგვიყვანონ; შეეხებიან იმ ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სენსიტიურ, ყველაზე ძვირფას თემებს, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში ან პროვოკაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორმაგი სიძლიერე და თავშეკავებულობა გვმართებს, მაგრამ ეს სათქმელად ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შესასრულებლად“, – აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილს შეკითხვა დაუსვეს ჩანაწერებში ტერმინ „ტრი-ტრისთან“ დაკავშირებით.

„მოკლედ, ეს „ტრი-ტრი“ საიდან გაიგეს, საერთოდ არ ვიცი, რადგან 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში, ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლიმაც ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ „ტრი-ტრის“ არ ვიძახი, იქ ვიძახი „ან ტო ნი“ – ასე ვეძახდით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს და „ტრი-ტრი“ საიდან გაიგეს, მართლა არ ვიცი“, – განმარტა ბერა ივანიშვილმა.

ხოლო შეკითხვაზე, რატომ გაჩნდა ვერსია, რომ ჩანაწერი უკავშირდება მის სიმღერას და შეიძლება, იყოს 2017 წლის; თოლიას ხმასაც ეძებდნენ ამ ჩანაწერში და ეგონათ, რომ ეს იყო გამოყენებული სიმღერაში, ბერა ივანიშვილმა თქვა: „მე როგორც ვიცი, ისინი ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვეს ქათმების ხმა, შემდეგ თოლიების ხმებსაც დასჯერდნენ“.

​ბერა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში მის გვერდებს ხშირად არეპორტებენ საქართველოდან, რის გამოც პრობლემები ექმნება.

„თუ შეიძლება, ცოტა ვრცლად მოგიყვებით ერთ-ორ პატარა ეპიზოდს ჩემი კარიერიდან, რაც ისევ ამ შეუწყვეტელ ბულინგს უკავშირდება. მე გავიხსენებ, როდესაც გავაფორმე კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ ლეიბლთან და ჩვენ გამოვუშვით მაშინ აუდიო სიმღერა, ანუ ეს არ იყო კლიპი, ეს იყო სიმღერა ატვირთული „იუთუბზე“, რომელსაც უბრალოდ, ჩემი პორტრეტი ედო ფონად და მაშინ შემოვარდა რამოდენიმე ასეული რეპორტი, რომ ე.ი. ეს იყო რაღაც პორნოგრაფიის შემცველი კლიპი, არადა კლიპი არც იყო, სიმღერა იყო. ლეიბლის თანამშრომლები გადაირივნენ, რა ხდებაო. ყველა რეპორტი იყო საქართველოდან. ამის შემდეგ, რაც კი არ უნდა გამეკეთებინა საზღვარგარეთ – გავიხსენებ იგივე დონაციას ამაზონის ტყის ტრაგედიასთან დაკავშირებით, იქაც ბრაზილიურ მედიას აქედან ურეკავდნენ, აგინებდნენ; ბრაზილიელები მეუბნებოდნენ ე.ი. შიდა რაღაც პოლიტიკური გარჩევები რომ გვაქვს, მაშინ არ ხდება მსგავსი სიტყვებით მუქარა და ლანძღვა-გინება და რა ხდება, რა ხალხი ხართ ასეთიო. მოკლედ, იგივე ხდება ახლა ჩემს „ტიკტოკზეც“. შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული ყოველდღე არეპორტებენ ჩემს გვერდს, რამდენიმე ასეული თუ არა ათასეული ექაუნთი, აბსოლუტურად ყველა საქართველოდან და უბრალოდ, დაზიანდა ეს ჩემი ექაუნთი, მით უმეტეს, როცა ვპოსტავდი ვიდეოს ჩემს შვილთან, ჩემს მეუღლესთან და იქ შედიოდა ათასობით რეპორტი, რომ ეს არის რაღაცა პორნოგრაფია, რაღაცა ტერორისტული მიმართვა, რაღაცა სახიფათო კონტენტი. როდესაც მენეჯერებს დავუკავშირდი, მათ მითხრეს, რომ მილიარდამდე ადამიანს აქვს „ტიკტოკი“ და ეს არის პირველი შემთხვევა მთლიანად ამ აპლიკაციის ისტორიაში, რომ ასე ვიღაცას ესხმოდნენ, ებრძოდნენ კონკრეტულად ადამიანს. ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად აღვადგენთ ამას და გამოვასწორებთ, მაგრამ მინდოდა, ეს რამდენიმე ფაქტიც მომეყოლა საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.