ბერა ივანიშვილი - არ დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ჩანაწერი თუ დაამონტაჟეს, პირდაპირ ვიტყვი, ვინმე დედას თუ შემაგინებს, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ
ბერა ივანიშვილი - არ დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ჩანაწერი თუ დაამონტაჟეს, პირდაპირ ვიტყვი, ვინმე დედას თუ შემაგინებს, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ

არ დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ჩანაწერი თუ დაამონტაჟეს, პირდაპირ ვიტყვი, ვინმე დედას თუ შემაგინებს, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ, – ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ბერა ივანიშვილმა ინტერვიუში გაიხსენა 2011 წელი.

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი სადღაც 15-16 წლის თინეიჯერი და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის ეს უბრალოდ შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი მისამართით, ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა და ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე, მასიური 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. ე.ი. იქ იყო მუქარა, რაღაც საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები, წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. აი, რაღაც ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, ეთერში ვერც კი გავიმეორებ, რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკისა, თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, რომ იქ ამ საუბარს ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ა.შ. და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, თუ დარიგება“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ამასთან, ბერა ივანიშვილმა უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური.

„მოდით, მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, ეს იყო ავთენტური, არ იყო, დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც და მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, მაჩვენეთ ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილმა ისაუბრა იმ თემაზეც, თუ რა პერიოდისაა გავრცელებული ჩანაწერები:

„მოდით, მაშინ ყველამ ერთად გავაანალიზოთ, ეს, ასე ვთქვათ, სცენარი, რომელსაც ოპოზიციური არხები ატრიალებენ, რომ ე.ი. ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უსმენს მის პრემიერ-მინისტრს, უსმენს ანზორ ჩუბინიძეს, მისმენს მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხებს, ოღონდ თან თარიღი არ იცის, როდის გვისმენს. გვისმენს, მაგრამ თარიღი არ იცის და ესენი რასაც ამბობენ, მთავრობა არ იყო და ანონიმური, უცხო ვიღაც აგენტი იქსი არის, ე.ი. ამ კაცმა შეძლო, რომ ჩვენს ამ ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა და თარიღი არ იცის. ეს ერთი დეტალი და მეორე მხარეს მთელმა საქართველომ იცის, როდესაც ის კონკრეტული პოლიტიკური პარტია იყო ქვეყნის მმართველობაში, ხდებოდა ტოტალური მოსმენა, არა მარტო არასრულწლოვანი ბერასი, არამედ ვისიც უნდოდათ, ვინც მათ აინტერესებდათ, მთელი საქართველოს უკანონო მოსმენა ხდებოდა და ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.