ბექა წიქარიშვილი - 2007 წლიდან დღემდე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთაგან საშუალოდ 180 მლნ ლარია ამოღებული
ბექა წიქარიშვილი - 2007 წლიდან დღემდე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთაგან საშუალოდ 180 მლნ ლარია ამოღებული

არ მჯერა, რომ დღევანდელი პოლიცია დეკრიმინალიზაციის გარეშე მომხმარებლებს თავს დაანებებს, ამიტომ, სულ მცირე, ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრმა, ბექა წიქარიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, საკანონმდებლო ორგანო ამ გადაწყვეტილებას სულ მალე მიიღებს. ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს გვაქვს, ნარკოპოლიტიკა არ არის. ამას ნარკოპოლიტიკასთან საერთო არაფერი არ აქვს. ეს არის ფაშისტური, სადამსჯელო პოლიტიკის დანამატი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო, ადამიანების მასობრივი მარგინალიზაცია მოეხდინა და მათგან ათასობით ლარი ამოეღო. ჩვენ დავითვალეთ სხვადასხვა საპროცესოებით მიღებული თანხები და აღმოჩნდა, რომ 2007 წლიდან დღემდე, მოქალაქეებიდან საშუალოდ, 180 მილიონი ლარია ამოღებული, რაც ძალიან დიდი რიცხვია“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობა ნარკოტიკის მომხმარებელთა დევნისთვის გამოიყენება.

„ბევრ ქვეყანაში ნარკოტიკის მოხმარება არც ლეგალიზებულია და არც დეკრიმინალიზებული, მაგრამ ნარკოტიკის მომხმარებელს სახელმწიფო არ დევნის. ჩვენი კანონმდებლობა კი დევნისთვის გამოიყენება. აქ პოლიციურობის საკითხი უფრო დგას, რაც უფრო პრობლემურია და დეკრიმინალიზაციასაც სწორედ ამიტომ ვითხოვთ“, – განაცხადა „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრმა.

მისი თქმით, ნარკოტიკზე მოთხოვნის შემცირება ამოცანა უნდა იყოს.

„მოთხოვნა სხვადასხვა მიდგომებით მცირდება. ეს, მათ შორის, არის განათლების და ოჯახის საკითხი. ოჯახებმა ხშირად არ იციან, როგორ მოექცნენ შვილებს, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ. მათ ხშირად სტრესში ამყოფებენ, რითაც კიდევ უფრო უბიძგებენ, ნარკოტიკის მოხმარებაში ჩაერთონ. არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ზედოზირების დროს და ასე შემდეგ. ასევე, ამ დრომდე არ გვაქვს არც ერთი გრძელვადიანი ფსიქო–სოციალური სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიღება შეიძლება. ეს ყველაფერი პრობლემას აღრმავებს“, – განაცხადა წიქარიშვილმა.