ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა
ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა

დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის საკითხს საკრებულომ 30 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

სხდომა ხმაურით წარიმართა. ოპოზიცია უმრავლესობას საკითხის ჩაგდებისკენ მოუწოდებდა.

მათი განცხადებით, თაბორის მთაზე 212 ათას დოლარად შეძენილ მიწის ნაკვეთში ოდოშარია მუხიანში 5 მილიონ 600 ათასი ლარის ქონებას იღებს.

უმრავლესობა გადაწყვეტილებას საზოგადოების ინტერესებით ხსნის, მათი თქმით, მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს და ადგილმონაცვლეობის საკითხიც ამიტომ დადგა.

მათი განცხადებით, მიწის ნაკვეთები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა და მათი თანაბარი ღირებულება დაადგინა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მერიამ დეპუტატის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულება ხელოვნურად გაზარდა, როდესაც გასულ წელს მასზე მშენებლობის უფლება გასცა. საკითხს მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის წევრმა, ლევან ჯაფარიძემაც.  მისი განცხადებით, წინა ხელისუფლებამ ოდიშარიას მიწა უკანონოდ გადასცა და ახლა ამის გამოსყიდვა არ უნდა ხდებოდეს.

ამასთან, დღეს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, როგორც ყოველთვის, ასევე ბექა ოდიშარიას შემთხვევაში, განხორციელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასების საფუძველზე.

„აღნიშნული ითვალისწინებს გადასაცემი და მუნიციპალიტეტში მისაღები მიწის ნაკვეთების შეფასებას. იმ შემთხვევაში, თუ არის ღირებულებითი თანხვედრა, ხდება მონაცვლეობა. თუ მუნიციპალიტეტის მიერ გადასაცემი მიწის ნაკვეთის ღირებულება მეტია, ვიდრე მოსანაცვლებელი მიწის ნაკვეთი და ამ მიწის ნაკვეთის გაყოფა მიზანშეწონილი არ არის მისი შემდგომი განვითარებიდან გამომდინარე, მესაკუთრე ამატებს თანხას. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ბექა ოდიშარიას მიწის ნაკვეთის შეფასება მოხდა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ასევე შეფასდა მუხიანში არსებული მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. თანხვედრილი ღირებულებიდან გამომდინარე ხდება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, რომელზეც დღეს თბილისის საკრებულო სხდომაზე იმსჯელებს“, – აღნიშნეს მერიაში.