ბექა ოდიშარია - ვმუშაობთ საკითხებზე, რომლებიც თითოეულ დიასპორელს სჭირდება
ბექა ოდიშარია - ვმუშაობთ საკითხებზე, რომლებიც თითოეულ დიასპორელს სჭირდება

აღვადგენთ იმ რეჟიმს, როცა თქვენთან ჩამოვდიოდით, – მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ სახელმწიფო საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ნომინანტთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ ემიგრანტებს.

„ჩემს კოლეგებთან – გივი ჭიჭინაძესთან და თემურ ჭკუასელთან ერთად თქვენთან ხშირად ჩამოვდიოდი ძალიან საინტერესო დიასპორულ კონფერენციებზე და ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით არა მხოლოდ საკონფერენციო სივრცეებში, არამედ კარდაკარ დავდიოდით და ვცდილობდით, გაგვეგო არა მხოლოდ ის, რაც საკანონმდებლო დონეზეა მოსაწესრიგებელი ან ორგანიზაციულად არის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თქვენთან მოსატანი, არამედ გაგვეგო თქვენი ადამიანური განცდები და ემოციები. ჩემთვის ეს ისედაც არ იყო უცხო. ასეთია საქართველოს ბედ-იღბალი. ჩვენ ჩამოვყალიბდით ისეთ ქვეყნად, რომელსაც ჰყავს ძალიან დიდი დიასპორა. ეს ასეთნაირად საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და, როგორც წესი, არ იყო ადამიანების საკუთარი სიხარულითა და დიდი სურვილით გამოწვეული. შუა საუკუნეებში იყო ერთი მიზეზით, შემდეგ მოხდა პირველი პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში, რომლის შთამომავალიც თავად გახლავართ.

კარგად მახსოვს, როგორ მიბარებდა მამის დედა, ჩვენი ცხოვრება ისე არ დამთავრებულიყო, რომ არ მოგვენახულებინა ლევილის სასაფლაო, სადაც ჩემი ოჯახის წევრები არიან დასაფლავებული, რადგან მაშინ ეს იყო შეუძლებელი და მიუწვდომელი რამ. მაგრამ ახლაც ადამიანები ასევე არა თავისი სურვილით, არამედ საჭიროების გამო აღმოჩდნენ საზღვარგარეთ. მათი მუხლჩაუხრელი შრომით, იმ დოვლათის შექმნით, რომელიც საქართველოსთვის და ქართული ეკონომიკისთვის ხელშესახებია, გაჩნდა თაობა, რომელიც არის ჩვენი იმედი. თითოეულ ჩვენს თანამემამულეს ველოდებით საქართველოში მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა. განსაკუთრებით ველოდებით იმ თაობას, რომელმაც ხელში უნდა აიღოს ქვეყნის მართვა, რომელმაც უნდა შექმნას ეკონომიკა ადგილზე და ჩამოიყვანოს ის მეგობრები და გულშემატკივრები, რომელზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი პატარა ქვეყნის განვითარების ბედი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო აბსოლუტური ჩართულობა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობისა პანდემიის დროს, რისთვისაც მინდა, გამოვხატო უდიდესი მადლიერება. ასევე, მინდა, გამოვყო სასულიერო პირების, მეუფეების დიდი ღვაწლი თითოეულ ქვეყანაში. მსურს, მადლობა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდა ელჩებს, საპატიო კონსულებს, დიასპორულ ორგანიზაციებს, შემოქმედებითი ჯგუფებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს. განსაკუთრებული მადლობა იმ ანტიკრიზისულ ცენტრებს, რომელიც შეიქმნა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. ქართველებმა, სახელმწიფოსთან ერთად, ყველგან ენთუზიაზმით გამოავლინეს ის ხასიათი, რომლითაც საქართველო მოვიდა დღემდე“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ისაუბრა ქართულ დიასპორასთან დაკავშირებულ მიმდინარე თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

„მიუხედავად პანდემიისა, განვაგრძობთ მუშაობას. ბატონ მინისტრთან ერთად შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომლის ხელმძღვანელიც არის ბატონი პრემიერი და კურირებს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ ამ კომისიის ფარგლებში, ვაყენებთ საკითხებს, რომლებიც სჭირდება თითოეულ დიასპორელს. გვსურს, გავააქტიუროთ დისპორული ინვესტიციების გაჩენა საქართველოში. ყველაზე დიდი ინვესტორები ჩვენი დიასპორელები უნდა გახდნენ. ვმუშაობთ, რომ ფულადი გზავნილები გაიაფდეს. თითოეულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში უახლოეს პერიოდში გაჩნდება დიასპორასთან ურთიერთობის თანამშრომელი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.