ბექა ოდიშარია - ვერანაირი კონსულტაციები ვერ დაეხმარება ოპოზიციას, რომელიც პირდაღებული შოშიასავით ელოდება, რა წინადადებებს მიაწვდიან, რომ სანუკვარი ოცნება აიხდინონ, გადაატრიალონ ქვეყანა
ბექა ოდიშარია - ვერანაირი კონსულტაციები ვერ დაეხმარება ოპოზიციას, რომელიც პირდაღებული შოშიასავით ელოდება, რა წინადადებებს მიაწვდიან, რომ სანუკვარი ოცნება აიხდინონ, გადაატრიალონ ქვეყანა

ვერანაირი ორგანიზაციების კონსულტაციები ვერ დაეხმარება ხელმოცარულ ოპოზიციას, რომელიც პირდაღებული შოშიასავით ელოდება, რა წინადადებებს მიაწვდიან და რა ტიპის კონსულტაციას გაუწევენ, რომ სანუკვარი ოცნება აიხდინონ, გადაატრიალონ ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, როდესაც მავნე რევოლუციური თუ ფსევდორევოლუციური ძალებისგან სახელმწიფო გადატრიალებები ხერხდებოდა.

„სახელმწიფო გადატრიალების დიდი სურვილი აქვთ ოპოზიციის გარკვეულ ძალებს, რაშიც დახმარებას გარედან ელოდებიან. ძალიან სამწუხაროა, გამოიკვეთა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სერბეთიდან მობრძანებული ვიზიტორები აღმოჩნდნენ ისეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დამფუძნებლები, რომლებიც ძირითადად, დაკავებულნი არიან რევოლუციების, გადატრიალებების სცენარების შედგენით და განხორციელებით. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოების თითოეული წევრი, ფეხი არ ჩაეტევათ. საქართველო ის ქვეყანა აღარ არის, როდესაც ხერხდებოდა მავნე რევოლუციური თუ ფსევდორევოლუციური ძალებისგან სახელმწიფო გადატრიალებების განხორციელება. დღეს სახელმწიფო სტრუქტურები სულ სხვა დონეზეა, ინსტიტუციები სხვაგვარად ძლიერია.  შესაბამისად, ვერანაირი ორგანიზაციების კონსულტაციები ვერ დაეხმარება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას, რომელიც პირდაღებული შოშიასავით ელოდება, რა წინადადებებს მიაწვდიან, რა ტიპის კონსულტაციას გაუწევენ, რომ თავისი სანუკვარი ოცნება აიხდინონ, გადაატრიალონ ქვეყანა და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ქურდს როდესაც წაასწრებ დანაშაულზე, ბუნებრივია, იტყვის, რომ არ აპირებდა ნივთის მისაკუთრებას, მხოლოდ ათვალიერებდა ან მიჰქონდა და დაბრუნებას აპირებდა. რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ ეს იყო უბრალო ტრენინგი. ჩვენ ვნახეთ უბრალო ტრენინგები ახალგაზრდების მონაწილეობით, სადაც იარაღის ჟღარუნი იყო და „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების რეცეპტების დისტრიბუცია. ეს თუ არის ჩვეულებრივი ტრენინგი, მაშინ აღიარონ, რომ ამას აპირებდნენ და მიიღებენ კიდეც პასუხს მთელი სიმკაცრით ქართული კანონმდებლობის წინაშე“, – განაცხადა ოდიშარიამ.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით სერბეთის სამი მოქალაქე გამოკითხეს.

არსებული ინფორმაციით, სერბეთის სამივე მოქალაქე ორგანიზაცია „კანვასის“ წევრია. ისინი გამოკითხვაზე მისვლამდე იმყოფებოდნენ თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. როგორც ცნობილია, სემინარის მთავარი თემა იყო „სამოქალაქო აქტივიზმი“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქის მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.