ბექა ოდიშარია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს შეხვდა 
ბექა ოდიშარია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს შეხვდა 

თურქეთის და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები მიმოიხილეს თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ჯანჯღავას შორის გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის დღის წესრიგის საკითხები წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის სტუმრობაც.

„მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში, ბექა ოდიშარია ქართველი დიპლომატისგან ორმხრივი ვიზიტების გამართვის შესაძლებლობებითაც დაინტერესდა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თურქეთის და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის საკითხებზე ვიმსჯელეთ.

ჩვენი ელჩი აქტიურად მუშაობს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდისთვის ქართული მხარე მზად იქნება თურქ კოლეგებთან საპასუხო ვიზიტის საკითხი განიხილოს. გვსურს, რომ საპასუხო ვიზიტისას შევხვდეთ უცხო ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს, რადგან მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი დიასპორა სწორედ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გვყავს და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ურთიერთობები სწორედ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ, თურქეთის რესპუბლიკასთან იქნება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.