ბექა ოდიშარია თურქეთის ელჩს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსა და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
ბექა ოდიშარია თურქეთის ელჩს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსა და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგებს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ჰალილ ეთიემეზის და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრა თურქეთ-საქართველის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის ინიციატივითა და თურქეთის საელჩოს მიწვევით გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს, როგორც რეგიონის ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკის განხორციელების, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო და თურქეთში ქართული კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.

„ბექა ოდიშარიამ ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტის მნიშვნელობას, რაც მაისის დასაწყისში თავის თურქ კოლეგასთან, ჰალილ ეთიემეზისთან ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრის შედეგია. აღინიშნა, რომ თურქეთის პარლამენტის – დიდი ეროვნული კრების წევრები მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და 27 მაისს დიასპორის დღეზე დაგეგმილ ღონისძიებებში. ასევე, გაიმართა დისკუსია-ვახშამი 21-27 მაისს დაწესებული თურქული სამზარეულოს კვირეულის ფორმატში. „თურქული სამზარეულო- მარადიული რეცეპტები“ – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც შედგა. იგი თურქეთის პირველი ლედის – ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობითა და თურქეთის პრეზიდენტის ეგიდით გამოიცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.