ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩს, ​ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ბექა ოდიშარიამ ელჩს დეტალურად გააცნო არსებული სიტუაცია და პოზიციები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გუშინ, მოლაპარაკების დასრულებისას გაჟღერდა. ისაუბრეს ქვეყნებს შორის მომავალი ურთიერთობების თაობაზე.

„ლატვიის ელჩთან, ინგრიდა ლევრენცესთან დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს, რადგან ლატვიის მეგობრობის ჯგუფის გარდა, საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული ვარ, რვა წელიწადია. შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ ის შესაძლებლობები, რისი რეალიზების პერსპექტივებიც არსებობს ამ ფორმატში.

მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას ჩვენ განვიხილეთ ის რთული დამოკიდებულება, რომლითაც გამოირჩევა ოპოზიცია ევროპული ინიციატივის მიმართ, გავაანალიზეთ ოპოზიციის ძალიან ხისტი დამოკიდებულება იმ წითელი ხაზების მიმართ, რაზედაც ევროპელები კონსტრუქციული კონსულტაციებისკენ მოგვიწოდებენ და რის დემონსტრირებასაც „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რადგან ლატვია არის ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდი მეგობარი ევროკავშირში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.