ბექა ოდიშარია - საპარლამენტო კომიტეტი ყოველთვის მზადაა, აქტიურად დაეხმაროს ორგანიზაციებს, რომელთა მიზანიცაა ქველმოქმედება და ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ქართული დიასპორის მიმართულებით
ბექა ოდიშარია - საპარლამენტო კომიტეტი ყოველთვის მზადაა, აქტიურად დაეხმაროს ორგანიზაციებს, რომელთა მიზანიცაა ქველმოქმედება და ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ქართული დიასპორის მიმართულებით

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქველმოქმედო ორგანიზაცია „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ დამფუძნებელს, მამუკა ბაგრატიონს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდის მიზნებსა და გეგმებზე. აღინიშნა, რომ ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქველმოქმედებისა და დახმარების გაწევა ქართველი ემიგრანტებისთვის. სწორედ ამიტომ, იგი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან „დიანა ბაგრატიონის ფონდთან“, რომელთანაც გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი და ამ თანამშრომლობის ფორმატში გეგმავენ ერთობლივად განახორციელონ საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები ევროპასა და დასავლეთის ქვეყნების დიასპორების მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს.

მამუკა ბაგრატიონმა ფონდის მომავალ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მომავალში ფონდი გეგმავს გააფართოვოს საქმიანობა უცხოეთის ქართულ დიასპორებში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით, კერძოდ დიასპორაში ქართული ენისა და ისტორიის ცოდნის ამაღლების მიზნით და ამ კუთხით აქვს საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობის იმედი.

„დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ყოველთვის მზადაა აქტიურად დაეხმაროს ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის მიზანიცაა ქველმოქმედება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ქართული დიასპორის მიმართულებით“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით,  იგი მიესალმება ფონდის საქმიანობის მიზნებს, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ქართული ემიგრაციის წარმომადგენლების დახმარებას და იმ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ქართულ დიასპორას ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.