ბექა ოდიშარია - ქართველი მოსამართლეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დასანქცირდნენ, სტრატეგიულ პარტნიორს ვთხოვთ, ამ მიდგომას დაუყოვნებლივ გადახედოს
ბექა ოდიშარია - ქართველი მოსამართლეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დასანქცირდნენ, სტრატეგიულ პარტნიორს ვთხოვთ, ამ მიდგომას დაუყოვნებლივ გადახედოს

ქართველი მოსამართლეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იყვნენ დასანქცირებული. შესაბამისად, რა არის იმაში გაუგებარი და გაუგონარი, სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს მიმართო, რომ გამოსწორდეს დაშვებული შეცდომა, რომელიც თვალსაჩინოა და რომლითაც მეხუთე კოლონა სარგებლობს? – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორს სთხოვენ, სანქციებს დაუყოვნებლივ გადახედოს.

„დამოუკიდებელ სასამართლო შტოს კლიშეებით პირდაპირ აზიანებენ. იყო „კლანი“, ახლა სანქცირებული მოსამართლეებია და მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას უსამართლოდ ნათლავენ. ამიტომაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ვთხოვთ, ამ მიდგომასა და სანქციებს დაუყოვნებლივ გადახედოს, რათა სასამართლო ხელისუფლების დაზიანება და, შესაბამისად, ინსტიტუციების ჩამოშლა არ მოხდეს.

წინა ელჩისგან, კელი დეგნანისგან განსხვავებით, დღევანდელი ელჩი ძალიან კონსტრუქციულია. ის თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან. ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის, განსხვავებით თავისი წინამორბედისგან, მიიტანს სწორ მესიჯებს სახელმწიფო დეპარტამენტში და, შესაბამისად, დასკვნებიც იქნება შესაბამისი და გადაწყვეტილებაც სათანადო“, – განაცხადა ოდიშარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიმართა აშშ-ის საელჩოს, მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი დაიწყოს.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წლის 5 აპრილს დაუწესა.

ამასთან, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ მოსამართლეთა სიაში არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ლაშა ჩხიკვაძე 2022 წელს აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი პროგრამიდან მოიხსნა.

შეგახსენებთ, ლაშა ჩხიკვაძე იყო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომლის განაჩენი გვარამიამ სტრასბურგში გაასაჩივრა. საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.