ბექა ოდიშარია - ლავროვისგან ვერც ქათინაურს მივიღებ და ვერც შექებას, რუსი პოლიტიკოსების განცხადებები საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე შიდაპარტიულ პროცესებს
ბექა ოდიშარია - ლავროვისგან ვერც ქათინაურს მივიღებ და ვერც შექებას, რუსი პოლიტიკოსების განცხადებები საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე შიდაპარტიულ პროცესებს

ლავროვისგან ვერც ქათინაურს მივიღებ და ვერც შექებას, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება, მათ შორის, არც მათ მიერ აღქმული სტატისტიკა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ირგვლივ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ბექა ოდიშარიამ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, როგორც ყოველთვის, რუსულ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობა“ ეჭიდება, როგორც მაშველ რგოლს.

„როგორც წესი, ეს ემთხვევა ხოლმე იმ პროცესებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩიხშია შესული, ხან შიდაპარტიული და ხან სხვა მიმართულებებით. შესაბამისად, არანაირი კომენტირების სურვილი ლავროვის მიერ გამოთქმული აზრის მიმართ ნამდვილად არ გამაჩნია. ეკონომიკის ზრდა რომ მოხდა, ეს არის საქართველოს მთავრობის წარმატებული ოპერირებისა და მენეჯმენტის დამსახურება, მათ შორის მმართველი გუნდისა და „ქართული ოცნების“, იმ სწორად მართული პროცესების დამსახურება, რომელიც საქართველოში იყო გასულ წელს. შესაბამისად, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხედულებები ჩვენს ეკონომიკურ განვითარებასა და სხვა პროცესებზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები როდესაც არიან დიდ გაჭირვებაში შიდაპარტიულად ან, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში, აუცილებლად გამოძებნიან ან ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ცოტა ხანი წაიტივტივონ და არ ჩაიხრჩონ.

მუდმივად საეჭვოდ ემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე შიდაპარტიულ პროცესშია, გარჩევებში ან მათი რეიტინგი დეგრადირებს, როგორც წესი, გამოჩნდება რომელიღაც რუსი პოლიტიკოსი, რომელიც გააკეთებს განცხადებას და ამას ეჭიდებიან, როგორც მაშველ რგოლს და 2-3 დღე ტივტივებენ ამ ნიუსით. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და სხვა მიღწევები, რომლებიც საქართველოში იყო, არის სწორად მართული პოლიტიკის, მშვიდობისმყოფელი პოლიტიკის, საქართველოს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა ოდიშარიამ.