ბექა ოდიშარია ლატვიაში შეხვედრებს მართავს
ბექა ოდიშარია ლატვიაში შეხვედრებს მართავს

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, აივა ვიკსნას და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ლატვიის მხარემ სრული თანადგომა გამოხატა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში. ლატვიელი კანონმდებლების განცხადებით, ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ პოლიტიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, რომელიც საქართველოს განვითარებას, ევროპის ბაზარზე დამკვიდრებასა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უზრუნველყოფს.

ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგებს ოფიციალური მიწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები მომავალში ახალ შინაარსს შეიძენს.

„ქართველები და ლატვიელები მუდმივად თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ვისწრაფვით. ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება, მიზანი და ისტორიული გამოწვევა გვაქვს. მადლობას გიხდით ყველა პლატფორმაზე თანადგომისთვის, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, არაღიარების პოლიტიკისა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი მიხეილ სულაბერიძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.